10 სექტემბერს ეკლესია წმიდა დიდებულ მოწამე დედოფალ შუშანიკს მოიხსენიებს
წმიდა შუშანიკმა ქრისტეს სარწმუნოების უარყოფას წამება არჩია და ექვსი წლის განმავლობაში საპყრობილეში ლოცვასა და მარხვაში გაატარა.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა დიდებულ მოწამე დედოფალ შუშანიკს მოიხსენიებს.
წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. იგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა და ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.
იმ პერიოდში ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, ვარსქენმა ქრისტიანული სარწმუნოება უარყო, მაზდეანობა მიიღო და სპარსეთის მეფე პეროზს დაჰპირდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეუღლესა და შვილებსაც საკუთარ სარწმუნოებაზე გადაიყვანდა.
ვარსქენის განდგომის შესახებ შეიტყო თუ არა, წმიდა შუშანიკმა იგი მკაცრად ამხილა. დედოფალმა დატოვა სასახლე, ოთხ შვილთან ერთად ეკლესიას შეაფარა თავი და ისინი ღვთის წინაშე დააყენა. მან უფალს შვილების დაცვა შესთხოვა და ქრისტეს ერთგულების გადაწყვეტილება მტკიცედ მიიღო.
ვარსქენმა შუშანიკის გადარწმუნება სცადა, თუმცა წმიდა დედოფალმა უარი განაცხადა ქრისტეს უარმყოფელ მეუღლესთან თანაზიარებაზე. იგი ამბობდა, რომ ვარსქენმა ჭეშმარიტი ღმერთი უარყო და ცეცხლს სცა თაყვანი, ამიტომ თავადაც არ აპირებდა მის უღმერთო საქმეებთან შეერთებას.
განრისხებულმა ვარსქენმა წმიდა შუშანიკი სასტიკად სცემა და ბრძანა მისი ბორკილებით შეკვრა. ნაწამები დედოფალი საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. მიუხედავად უმძიმესი ტანჯვისა, შუშანიკმა ქრისტეს რწმენა არ უარყო. იგი თავის მოძღვარს, იაკობ ხუცესს, რომელმაც მისი მდგომარეობის ხილვისას ტირილი დაიწყო, ამხნევებდა და ეუბნებოდა, რომ ეს ღამე მისთვის სიხარულის დასაწყისი იყო.
დიდი მარხვის პერიოდში წმიდა დედოფალმა მარხვასა და ლოცვაში გაატარა დრო. ვარსქენის სისასტიკე კვლავ გაგრძელდა — მან შუშანიკი ცემით წაიყვანა სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, შემდეგ კი ქედზე ჯაჭვი დაადო და საპყრობილეში ჩაამწყვდია.
წმიდა შუშანიკმა საპყრობილეში ექვსი წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა, მარხულობდა და კეთილ საქმეებს აღასრულებდა. მის სანახავად მისულ ქრისტიანებს თავად ამხნევებდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. მისი ლოცვით არაერთი ადამიანი განიკურნა და სარწმუნოებაზე მოიქცა.
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დედოფლისთვის საკუთარი შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაყვანა. მიუხედავად უდიდესი მწუხარებისა, წმიდა შუშანიკმა ღვთის ნებას მიანდო ყველაფერი და ქრისტეს ერთგულება ბოლომდე შეინარჩუნა.
სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველას კურთხევა მისცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იმ ადგილას, საიდანაც პირველად გამოათრია იგი უღმერთო ქმარმა. შემდეგ ფსალმუნის სიტყვები წარმოთქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ — და სული უფალს შეავედრა.
სამღვდელოებამ და ქრისტიანმა ერმა წმიდა დედოფლის ცხედარი მისივე ანდერძისამებრ დაკრძალა.
VI საუკუნეში წმიდა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადაასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
წმიდა დიდებული მოწამე დედოფალი შუშანიკი საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია, რომლის ცხოვრებაც ქრისტესადმი ერთგულების, სიმტკიცისა და სულიერი თავდადების მაგალითს წარმოადგენს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 7 სექტემბერს ეკლესია წმინდა მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას ისენებს.