რაჭა-ლეჩხუმში სამდღიანი მოლოცვა 200-მდე ადამიანმა 1700 წლის იუბილეს მიუძღვნა
ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მრევლი რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრა და საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავი ერთობითა და სიყვარულით აღნიშნა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზ იოანე ხეცურიანის წინამძღვრობით, ტაძრის მრევლი საქართველოს ისტორიულ კუთხეს — რაჭა-ლეჩხუმს ეწვია.
სამი დღის განმავლობაში 200-მდე ადამიანმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მოლოცვაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
მრევლისთვის ეს დღეები განსაკუთრებული სულიერი ერთობისა და სიყვარულის გამოვლინებად იქცა. ტაძრის დიდი ოჯახი წლების განმავლობაში ერთად, ღვთისა და ერთმანეთის იმედად აგრძელებს სულიერ ცხოვრებას და ამჯერადაც საერთო ლოცვითა და თანამყოფობით აღნიშნა მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი.
მოლოცვის მონაწილეებმა რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობა მოინახულეს და მადლიერებით გაიზიარეს ის დღეები, რომლებიც ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სულიერი ცხოვრების, ეროვნული თვითმყოფადობისა და ერთიანობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენდა. წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს მადლით, ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
რაჭა-ლეჩხუმში გამართული მოლოცვა სწორედ ამ სულიერი მემკვიდრეობისადმი მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულება იყო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ყვიბისში წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარი აშენდება.