კონკურსის „გაიცანი აფხაზეთი, დაიცავი მემკვიდრეობა“ გამარჯვებულებმა ლორე-ტაშირი მოინახულეს

2824
30 ივლისი 18:49
26
კონკურსის  „გაიცანი აფხაზეთი, დაიცავი მემკვიდრეობა“ მონაწილეები ლორე-ტაშირში. ფოტო: დავითიანნი კონკურსის „გაიცანი აფხაზეთი, დაიცავი მემკვიდრეობა“ მონაწილეები ლორე-ტაშირში. ფოტო: დავითიანნი

პროექტი, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლობით განხორციელდა, ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ კულტურის კომიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, 2025–2026 სასწავლო წლის განმავლობაში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი „გაიცანი აფხაზეთი, დაიცავი მემკვიდრეობა“.

პროექტის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება და ისტორიული მეხსიერების გაღრმავება.

კონკურსის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „დავითიანნის“ ტექ-ლაბმა, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით პროექტის შინაარსობრივ და ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყო ხელი.

კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 24 ივლისს ისტორიული ლორე-ტაშირი მოინახულეს. საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები და გაეცნენ რეგიონის მდიდარ ისტორიას.

მოგზაურობაში გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტი კოტე სვანაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ჯაყელი, „დავითიანნის“ ტექ-ლაბის ხელმძღვანელი დეკანოზი თომა ცეცხლაძე, „დავითიანნის“ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ხოფერია და არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცხომელიძე.

პროექტი სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების, კულტურული მემკვიდრეობისადმი პასუხისმგებლობისა და ისტორიული ცნობიერების გაძლიერებას ემსახურება.

ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით ფაცაციას პროექტის მხარდაჭერისა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული სახელმწიფოებრივი ხედვისთვის. ასევე აღინიშნა აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორის ავთანდილ ქვარაიასა და სააგენტოს თანამშრომლების მნიშვნელოვანი წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებენ ერთობლივ საქმიანობას კულტურული, საგანმანათლებლო და ეროვნული ღირებულებების განმტკიცებისკენ მიმართული პროექტების განხორციელების მიზნით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, დმანისის ახალგაზრდულ ბანაკში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ