ეკლესია ღირსი ეგვიპტელი მეუდაბნოე მამების ხსენების დღეს აღნიშნავს
ეს წმინდანები IV საუკუნეში, სინას მთასა და რაითის უდაბნოში მოღვაწეობდნენ და წარმართების (ბოქხარების) მიერ ეწამნენ
მეოთხე საუკუნეში ეგვიპტის მონასტრებში ოთხი ძმა იღვწოდა - დიოსკორე, ამონი, ექვთიმე და ევსები - პატიოსანი, დიდად ღვთისმოშიში და წმინდა ხალხი. რამდენადაც ძალზე მაღალნი და თან მოუკლებელი ღვაწლისაგან განლეულნი იყვნენ, ეგვიპტეში ყველა გრძელ ძმებად იხსენიებდა. თავიანთი კეთილი ცხოვრების წყალობით ამ ყრმებივით უბრალო და გონებით სრულ ადამიანებს ალექსანდრიის ყოველი პატრიარქი უდიდეს პატივს მიაგებდა.
341 წელს ათანასე დიდმა რომში მათი უფროსი ძმა, ამონი წაიყვანა, რომელმაც მარადიულ ქალაქში არაფრის ნახვა არ ისურვა, გარდა სამოციქულო სამარხისა, შემდეგ კი კვლავ უდაბნოს განუმარტოვდა, რომელიც მისთვის სამოთხე იყო...
რამდენადაც გრძელი ძმები ნიტრიის უდაბნოს დიდებას წარმოადგენდნენ, მათთან მეგობრობა თეოფილემაც მოიწადინა. ჯერ ამონის გაეპისკოპოსება მოინდომა, - იმ ამონისა, ბრწყინვალე რომშიც უდაბნოზე რომ ოხრავდა, და როცა უარი მიიღო, მოტაცება დაუპირა, შემდეგ - მათი მესამე ძმისაც, რაღაც მიზეზით ალექსანდრიაში რომ შეიტყუეს, მაგრამ გამოეპარათ და ისევ ლიბანის ღრმა უდაბნოს შეუერთდა.
რაც შეეხება თეოფილეს, უნდა ითქვას, რომ იგი იმ დროის უდიდესი ღვთისმეტყველი გახლდათ, მაგრამ უბოროტესი და ბნელი კაცი, რომლისთვისაც პირადი გამორჩენა უზენაესი კანონი იყო, ოქრო და პატივი კი - უფალზე და სულზე უტკბესი...
რამდენიმე ხნით ძმათაგან ორი - ამონი და ევსიხი, საპატრიარქო რეზიდენციაში საცხოვრებლად დაიყოლია, რამდენადაც ამ სიახლოვით პოპულარობის მოხვეჭა სურდა, მაგრამ იხილეს რა, ვინც იყო იგი, იქ დარჩენა აღარ ისურვეს და კვლავ განდეგილობის ადგილს დაუბრუნდნენ.
მათი წასვლის მიზეზი რომ შეიტყო, თეოფილე ძალზე განრისხდა და ძმებზე შურისგების მიზეზს უწყო ძებნა: - ჯერ ისიდორესთან ერთად ორიგენიზმის ბრალდება შეთითხნა, შემდეგ კი ახლობელ ეპისკოპოსებს ნიტრიის უდაბნოდან მონაზვნები განადევნინა, რის შემდეგაც მეუდაბნოენი შეიკრიბნენ, ალექსანდრიაში თეოფილეს მიმართეს და ევედრნენ, - ის მაინც გვითხარი, რა მიზეზით გვასამართლებო.
გაცოფებული პატრიარქი კი გრძელ ძმათაგან ერთ-ერთს, ამონს ყელში სწვდა, ომოფორი შემოახვია, შეპყრობილივით უწყო ცემა, ცხვირ-პირიდან სისხლი ადინა და თან უყვიროდა, - ერეტიკოსო, დაგმე ორიგენე!
ამ ვითარებაში სასჯელის მიზეზს როგორღა გამოიძიებდნენ, ადგნენ და, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფილნი, თავიანთ სენაკებს დაუბრუნდნენ...
უხმო რა უახლოეს მღვდელმთავრებს, ცოფმორეულმა თეოფილემ ანათემას გადასცა ოთხი უდანაშაულო ძმა და ისიდორე, თუმცა, მისი გაბოროტება ამით არ დასრულდა: - თავადვე შეთხზა მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებანი, მოისყიდა ცრუმოწმენი, ეს ბრალდებები გადასცა და უბრძანა, - ტაძარში, ქადაგებისას გადმომაწოდეთო, რის შემდეგაც საჯაროდ "ამხილა" ნიტრიის უდაბნოს მამები, საჩივარი კი ეგვიპტის პრეფექტს და პროვინციის სამხედრო მეთაურს წარუდგინა მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით.
ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება, ამ საქმისთვის ალექსანდრიის პატრიარქს 500-მდე ჯარისკაცი განუწესა, რომელნიც თეოფილემ ფარულად და საჩქაროდ შეაიარაღა და ისიც მოახერხა, გვარიანად გამოეთრო და უდაბნომდე ისეთი ტემპით ეტარებინა, საბრალო მონაზვნებს შუაღამით მოულოდნელად დასცემოდნენ.
და მართლაც, ყრუ ღამე იყო, ახალმოსულნი შემზარავი შეძახილებით წმინდა ადგილას რომ შეიჭრნენ.
"კანონდამცველნი" მონასტერთა კარებს ამტვრევდნენ, ბერებს სენაკებში უვარდებოდნენ და ვითომდა "სამხილთა" ძიების მიზეზით ყველაფერს ხელს აყოლებდნენ.
ბერები ჩქარობდნენ საიდუმლო ადგილებში გადამალვას, მათი დიდი ნაწილი მთის ფერდობზე დაეშვა ფარული ბილიკებით და დაბლობში გაიფანტა, მრავალმა მათგანმა სიბნელის წყალობით უშველა თავს, გრძელი ძმები თანამ¬გრძნობებმა გადამალეს და თოკებით ცისტერნის ფსკერზე ჩაუშვეს, რომლის ნახვრეტიც ხითა და თუთიით იყო დახურული,განთიადს კი იქაურობა დაქცეული და იავარქმნილი დახვდა... პალადის მოწმობით, "მძვინვარე ტახმა უფლის უხვი ვენახი დაანაცრა და გადათელა"...
მრავალი მამა იმსხვერპლა ამ უბედურებამ (პალადის მოწმობით, ამ ამბებმა მხოლოდ ერთი მონაზონის სიცოცხლე შეიწირა).
დევნილი იღუმენები, მღვდლები, დიაკვნები და ბერები - 300-ოდე კაცი, რომელთა შეკრებაც გრძელმა ძმებმა შეძლეს, უდაბნოს სიღრმეში შეიკრიბნენ და იქ მონასტრის დაარსება მოიწადინეს, მაგრამ რადგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შეიტყვეს, სანატრელი უდაბნო დაუტევეს და ჯერ სირიაში განიზრახეს გადასვლა, სადაც თეოფილეს ხელისუფლება არ ვრცელდებოდა, შემდეგ კი - იქ, საითაც ღმერთი მოუწოდებდათ...
300 კაციდან გზაში 80-ღა შემორჩათ, რამდენადაც ზოგს დაღლილობამ დარია ხელი, ზოგს - სნეულებამ და ზოგსაც - სხვა მიზეზმა. მათგან ბევრს სამოცდაათისთვის გადაებიჯებინა, მრავალგზის ნაიარევი და ნაშანთ-ნატანჯი სხეულები კი ლამისაა, შემოსცვეთოდათ...
ძმობამ გადაწყვიტა, ჯერ იერუსალიმს გამგზავრებულიყვნენ, შემდეგ კი - კონსტანტინოპოლს, სადაც იმპერატორის მართლმსაჯულების და, რაც მთავარია, იოანე ოქროპირის შემწეობას იმედოვნებდნენ.
თეოფილეს "დამსახურებით" გზად ყველგან წინაღობას აწყდებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როგორმე ოქროპირამდე ჩაეღწიათ.
კონსტანტინოპოლს ძნელად თუ განაკვირვებდა ვინმე, მაგრამ ეს განდეგილები, რომელთაგან უფალს ბევრი სასწაულქმედების ნიჭით დაებეჭდა, იშვიათობას წარმოადგენდნენ. უდაბნოზე, საიდანაც ისინი გამოვიდნენ, საოცრებებს ჰყვებოდნენ... მათი სიწმინდე და რჩეულობა თვალშისაცემი გახლდათ, ამასთან, გაკვირვებას იწვევდა მათი სამოსიც...
80 ბერიდან ამ ტანჯულ გზას 50 კაციღა შემორჩენოდა... მათ ნავსადგურში შეისვენეს და ოქროპირის სამყოფელს დიდი სასოებით მიადგნენ...
50 პატივსაცემი კაცის ამ განსაცდელში მხილველ ოქროპირს ცრემლი მოერია, საქმის ვითარებაში გაერკვა და საბოლოოდ, გამოიკვლია რა მათი სიმართლე, დაამშვიდა და დააბინავა. ამ ღირს მამებზე არა მხოლოდ ოქროპირი, წმინდა ოლიმპიადაც ზრუნავდა, მეგობარი ოქროპირისა, რომელთა ღრმა სულიერი კავშირი და საოცარი მამაშვილური სიყვარული მატიანემ და მათმა მიმოწერამ ცოცხლად შეინახა.
"ამ საქმეს საკუთარ თავზე ვიღებ და ისე ვიმოქმედებ, რომ ან სხვა კრება გააუქმებს აკრძალვას და ან ნებაყოფლობით მოგიხსნით ეპისკოპოსიო, - ბრძანა ოქროპირმა, ხოლო საჩივარი, რომლის გადაცემასაც მეუდაბნოენი იმპერატორისთვის აპირებდნენ, ურჩია, ჯერჯერობით თან ჰქონოდათ, რადგან "ეკლესიის საქმეა, განსაჯოს ეკლესიის საქმე, ხოლო წარმავალ ხელისუფლებას არა ესაქმება რა კამათებთან, რომელნიც ღვთისმსახურებას ეხებაო". შემდეგ კი წერილობით სთხოვა თეოფილეს: - დევნილთ შენდობა მიანიჭეო.
ხიზანთა შეფარების ფაქტმა ისეც აფოფრილ თეოფილეს კიდევ ერთი ბრალდების წარდგენის მიზეზი მისცა, - საეკლესიო კანონთა დარღვევაში დასდო ბრალი: - ჩემგან დევნილნი შენ რა უფლებით შეიფარეო!
ოქროპირმა კვლავინდებურად მშვიდობისმყოფელი წერილი მისწერა, თუმცა ადრესატმა უწინდელზე უხეშად და კადნიერად უპასუხა.
მხოლოდ ამის შემდეგ იჩივლეს ბერებმა მეფესთან, რომელსაც, შეეწყალა რა ესოდენ პატიოსანი და კეთილმოღვაწე მამები, თეოფილეს კონსტანტინოპოლის სასამართლოში უხმო, რომ პატრიარქისა და ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე მომხდარის მიზეზები დაესაბუთებინა, თუმცა, გარკვეულ გარემოებათა გამო ეს საქმე ჩაიშალა. ამასობაში თეოფილემ კვიპროსის ეპისკოპოსის, ეპიფანეს დარწმუნება შეძლო, რომ იოანეც და მისი მფარველობის ქვეშ მყოფებიც ჯადოქრები და ერეტიკოსები იყვნენ.
ეპიფანე, რომელსაც ძალზე უბრალო და უბოროტო ბუნება ჰქონდა, ვერ შეიცნო თეოფილეს მზაკვრობა და იოლად დაუჯერა, ამავდროულად, თეოფილე დედაქალაქში ჩასასვლელად ემზადებოდა და თან იქადნოდა: - ორიგენეს მიმდევართა წინააღმდეგ კრებას მოვიწვევო. მისით წაქეზებულმა ეპიფანემ თეოფილეზე უადრეს ჩააღწია კონსტანტინოპოლს, ქალაქგარეთ გაჩერდა, წმინდა ლიტურგია აღასრულა, შემდეგ - დიაკვნად კურთხევის წესიც, რაც, კანონით, არ ეგებოდა და დარწმუნებულმა იმაში, რომ ოქროპირი და ნიტრიელი განდეგილები მწვალებელნი იყვნენ, სახლი, სადაც დაბინავდა, ოქროპირის მოწინააღმდეგეთა ბანაკად აქცია.
ოქროპირმა, რომელმაც უწყოდა, რომ ეპიფანე უბოროტო და წმინდა კაცი იყო, არ განრისხებულა და საცხოვრებლად საპატრიარქო სახლიც კი შესთავაზა, რაზეც პასუხად მიიღო: - სანამ ნიტრიელებს არ გაყრი და ორიგენიზმს არ დაგმობ, ჩვენი შეყრა არ ეგებისო! ოქროპირმა კი შეუთვალა, - საეკლესიო კრების თვინიერ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებო!
ოქროპირის მტრები, რომლებმაც კარგად უწყოდნენ ეპიფანეს გულუბრყვილობის შესახებ, უფრო და უფრო აქეზებდნენ მის წინააღმდეგ და ბოლოს მოუწოდეს, - წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში საჯაროდ დაგმე ორიგენე, განკვეთე დიოსკორე დანარჩენი ძმებითურთ, ოქროპირს კი მათ მფარველობაში დასდე ბრალიო!
შეიტყო რა ამის შესახებ ნეტარმა, ელჩის პირით შეუთვალა: - ეპიფანე, ბევრი რამ აღასრულე, რაც კანონით არ ეგებოდა, - ჯერ ჩემი თანხმობის გარეშე დააყენე წირვა, შემდეგ - დიაკვნად კურთხევის წესიც აღასრულე, ახლა კი, უარყავი რა მიპატიჟება, კვლავ განგიზრახავს ჩვენი ეპარქიის ტაძარში საეკლესიო სამართლის უგულებელყოფით განკვეთის წესი აღასრულო?! გაფრთხილდი, რამეთუ ხალხის შფოთს მოიმკი და უბედურებას შეჰყრი საკუთარ თავსაცო!
ამის გამგონე ეპიფანე, თუმც კი გაფიცხდა, მაგრამ დაფიქრდა და ყოყმანი იწყო, შემდეგ ტაძარი დატოვა და თეოფილეს დაელოდა.
დედოფალმა, რომელმაც ამ დაპირისპირების შესახებ შეიტყო, უხმო და უბრძანა: - მეუფე, უწყი, რომ მთელი ბერძნულ - რომაული სამყაროს მპყრობელნი ვართ, თუ დამიჯერებთ და შემეწევით, საეკლესიო ძალაუფლება თქვენი იქნება, ოქროპირი კი, რომელიც სათანადო პატივს არც ხელმწიფეს მიაგებს და არც მე, თან ჩვენს წინააღმდეგ აღმდგარა, საპატრიარქო პატივის ღირსი არ არის, ამასთან, ბევრის რწმუნებით, ერეტიკოსია, ამიტომ, სასურველი იქნებოდა, კრება მოგვეწვია და მისთვის ეს პატივი აგვეყარა, ნაცვლად კი ის დაგვედგინა, რომელიც რიგიანად გაუძღვება ეკლესიას, თუმცა, რატომ უნდა შევაწუხოთ ამდენი მამა, არ სჯობს, თავად განაყენო ეკლესიიდანო?!
- შვილო ჩემო, - მიუგო ეპიფანემ, - შენს მამას ყური მრისხანების გარეშე უგდე: თუ იოანე, როგორც ამტკიცებთ, ერეტიკოსია და ამ ცოდვას არ შეინანებს, იმგვარად მოვიქ¬ცევით, როგორც გვიბრძანებ, ხოლო თუ წყენა გამოძრავებს, ეს მიზეზად არ გამოდგება, რამეთუ გულძვირობა და ავისმხსომელობა ხელმწიფეებს არ ეკადრებათ, რამეთუ მათი საქმე სიკეთე, მოწყალება და მიტევებააო!
- მამაო, თუ ოქროპირს არ განდევნი, საკერპო ტაძრებს გავხსნი და იქ ღვთისმსახურებას განვაახლებ, რაც პირველზე უმწარესი იქნება! - მიუგო უგონო სიშმაგით პყრობილმა დედოფალმა. ამ სიცოფით გაოცებულმა ეპიფანემ კი უბრძანა, - მე მართალი კაცის ამგვარი მსჯავრისგან სუფთა ვარო! შემდეგ წამოდგა და სამუდამოდ დატოვა სასახლე. განრისხებული დედოფალი კი მეფეს შეუჩნდა: - ჩემი შეუ-რაცხყოფა - შენი შეურაცხყოფაცაა, რად აყოვნებ, რომ ოქროპირის დასამხობად კრება მოიწვიოო?! იგივე შინაარსის უსტარი აფრინა თეოფილესთანაც, რომელიც ფრთაშესხმული გამოემართა.
ეპიფანე კი, რომელიც ნიტრიელ მეუდაბნოეთა განსაკვეთად და ოქროპირისთვის ჭკუის სასწავლებლად ჩამოვიდა, გაესაუბრა რა ამ პატიოსან და გონიერ ბერებს, საბოლოოდ დარწმუნდა ოქროპირის სიწმინდეში, რის შესახებაც ადრეც ბევრი რამ სმენოდა, მოწყინება და სინანული დაეუფლა და გვიან მიხვდა რა, რომ სხვისი მიზნებისთვის გაისარჯა, გულდაწყვეტილმა დატოვა კონსტანტინოპოლი...
მაგრამ სანამ სამშობლოს მიაშურებდა, ოქროპირისაგან წინასწარმეტყველური სიტყვები მიიღო, - ეპიფანე, გავიგე, ჩემი განდევნა გწადდა. იცოდე, შენს ტახტს ვეღარ იხილავო! და მართლაც, ბოლოდროინდელმა ამბებმა, ხანდაზმულობამ და ზღვაოსნობისას შეყრილმა ციებამ ამ 80 წლის სათნო მოხუცს ხელი დარია და მგზავრობისას სული წაართვა...
აი, რას გვიამბობს ამ მამებზე და ნიტრიის სახელგანთქმულ უდაბნოზე აბბა რუფინიუსი "მეუდაბნოე მამათა ცხოვრებაში":
"ნიტრიის მთა ალექსანდრიიდან 40 მილითაა დაშორებული. მახლობელ სოფელში გვარჯილას მოიპოვებენ.
ჭეშმარიტად ღვთის განგებულებით, ამ ადგილას აღიხოცება და განიბანება კაცთა ცოდვები. სოფელში 50-მდე ქოხი დგას. მისი ბინადარნი განუყოფლად შეერთებულნი არიან სულით, რწმენით და სიყვარულით. მთელ ძმობას ერთი წინამძღვარი მეთაურობს.
ნიტრიაში მისვლის უმალ შეგვამჩნიეს მწირი სტუმრები, სკებიდან ფუტკრის გუნდივით გამოეფინნენ, გახარებულნი მორბოდნენ ჩვენკენ. ბევრს თან კოკით წყალი და პური მოჰქონდა.
მათზე ვერ იტყოდი წინასწარმეტყველის სიტყვებს: ისრაელის ძეთა შესახვედრად არ გახვედი პურითა და წყლით.
მერე ეკლესიაში წაგვიყვანეს, დაგვბანეს ფერხნი და თითოეულმა თავისი პირსახოცით შეგვწმინდა.
იფიქრებდი, მოგზაურთა ღვაწლის ამგვარი შემსუბუქებით ისინი თითქოს დაფარულად აშორებდნენ ადამიანებს მწუხარებას...
განა შეიძლება სიტყვებით გამოხატო მათი გულთბილობა, თავაზიანობა, სიყვარული, აღწერო, თუ როგორ ცდილობდნენ, თავიანთ კელიებში წავეყვანეთ, როგორ ისწრაფოდნენ სტუმართმოყვარეობის ვალის აღსრულებას, როგორი ხალისით გვესაუბრებოდნენ თავმდაბლობაზე, რომლითაც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ, სიმშვიდესა და სხვა სრულყოფილ სათნოებებზე?
თითქოს ისინი მხოლოდ იმისთვის განეშორნენ სოფელს, რომ აქ ყველას ერთად ემოღვაწა ღვთაებრივი მადლის სხვადასხვანაირი მოქმედებით.
არსად შევხვედრივართ ასეთ გულწრფელ სიყვარულს, ასეთ მხურვალე გულმოწყალებას, ასეთ სწრაფვას სტუმართ-მოყვარეობისადმი.
არსად გვინახავს ასეთი სიყვარული წმინდა წერილის შესწავლისა, ღვთისმეტყველებისა და სულიერი სიბრძნის შეძენისა, თავს ღვთაებრივი სიბრძნის ორატორთა შორის ვგრძნობდი.
ნიტრიის მთის იქით, 10 მილის დაშორებით, შორ უდაბ¬ნოში უამრავი სენაკი დგას, მას "კელიებს" ეძახიან.
აქ განმარტოვდებიან ისინი, ვინც მოემზადნენ ნიტრიაში უფრო მყუდრო ცხოვრებისთვის. უდაბნო იმდენად ვრცელია, რომ კელიების მკვიდრთ ერთმანეთის დანახვა და ხმის გაგონება არ შეუძლიათ.
განდეგილები მარტოდმარტო ცხოვრობენ კელიებში, ღრმა მყუდროებაში, დაურღვეველ სიჩუმეში. მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიან ერთად ტაძარში და მაშინ ხედავენ ერთმანეთს.
თუ ვინმე არ გამოჩნდება კრებულში, ხვდებიან, რომ რაიმე სნეულებამ დააბრკოლა და რიგრიგობით, სხვადასხვა დროს მიდიან სნეულთან სანუგეშებლად.
რაიმე საბაბით არავინ ცდილობს მოყვასის მყუდროების დარღვევას - მხოლოდ ის, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს დამოძღვრისა, შევა რომელიმესთან და თავისი ენატკბილი სიტყვით ანუგეშებს...
ბევრ მათგანს ეკლესიაში მოსასვლელად 3-4 მილის გავლა სჭირდება. მაგრამ მათი ერთმანეთისადმი სიყვარული ისე ძლიერია, ისე ღრმაა ურთიერთკეთილგანწყობა, რომ სამაგალითოა და განაცვიფრებს ყველას. ამიტომ მათთან ცხოვრების მოსურნეს თითოეული თავის კელიას სთავაზობს საცხოვრებლად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 ივლისს ეკლესია წმინდა ანდრიას, კრიტელი მთავარეპისკოპოსს მოიხსენებს.