თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს
კომისიებმა წარმოდგენილი ნაშრომები დადებითად შეაფასეს და კურსდამთავრებულებს შესაბამისი აკადემიური ხარისხები მიენიჭათ.
23–24 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
23 ივნისს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა მალხაზ გოროზიამ დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე – „ღვთისმშობლის ხარების იკონოგრაფია მართლმადიდებლურ და დასავლეთ ევროპულ ხელოვნებაში“. ნაშრომი შესრულდა იკონოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. საკვალიფიკაციო კომისიამ წარმოდგენილი კვლევა დადებითად შეაფასა და მალხაზ გოროზიას იკონოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
24 ივნისს გაიმართა ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა წარადგინეს კვლევები დეპრესიისა და სოციალური იზოლაციის, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის გავლენის, პიროვნული შფოთვისა და თვითშეფასების, კონფლიქტების მართვისა და სოციალური კომპეტენციის, ასევე სასკოლო გარემოში მოსწავლის სოციალური ადაპტაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ.
შემფასებელმა კომისიამ ყველა წარმოდგენილი ნაშრომი დადებითად შეაფასა და დიპლომანტებს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორები, ფაკულტეტების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, კომისიის წევრები და სტუდენტები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ მღვდელ ლევან ჭანკვეტაძესთან დიალოგი გაიმართება, თემაზე „თავისუფლება და პასუხისმგებლობა“.