თბილისის სასულიერო აკადემია Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის კონკურსს აცხადებს
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში სწავლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით მობილობაში ჩართვას შეძლებს.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს კონკურსს Erasmus+ (KA171) საერთაშორისო საკრედიტო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომლებიც საბერძნეთის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში სწავლებისა ან პროფესიული განვითარების მიზნით მობილობის განხორციელებას გეგმავენ.
მობილობა დაგეგმილია 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომა-ზამთრის სემესტრში, 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 29 იანვრის ჩათვლით. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ როგორც სასწავლო საქმიანობაში (Teaching Mobility), ისე პროფესიული განვითარების (Training Mobility) მიმართულებით.
კონკურსის ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს 5 კანდიდატი სწავლების მიზნით და არაუმეტეს 5 კანდიდატი პროფესიული განვითარების მიმართულებით. კანდიდატებს შიდა კონკურსის საფუძველზე შეარჩევს აკადემია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ნომინირებული მონაწილეების მიღებისა და დაფინანსების შესახებ თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი მიიღებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება, ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი გამოცდის შედეგი, ასევე ბოლო სამი წლის აკადემიური, სამეცნიერო ან ადმინისტრაციული საქმიანობის მოკლე აღწერა.
კანდიდატების შეფასება განხორციელდება პროფესიული და აკადემიური გამოცდილების, მობილობის მიზნის შესაბამისობის, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პოტენციალის, მიღებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისა და ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) მიხედვით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი. საკონკურსო კომისია განაცხადებს 10 ივლისს განიხილავს, შედეგები კი 14 ივლისს გამოცხადდება. შერჩეული კანდიდატების ნომინაციები თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტს 23 ივლისამდე გადაეგზავნება.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური დაინტერესებულ პირებს დამატებით ინფორმაციასა და კონსულტაციას გაუწევს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აბიტურიენტები დალოცა და მათთვის პარაკლისი აღავლინა .