საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს

2824
16 ივნისი 10:06
51
"ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოება

პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გამართულ ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ; პროექტში დღეს საქართველოს მასშტაბით 141 სკოლა და 4 375 მოსწავლეა ჩართული.

საქართველოს საპატრიარქოში, 15 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სასულიერო და საერო პირები, პედაგოგები და პროგრამის მონაწილეები.

დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული „ღირებულებითი განათლების“ პროექტი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს და ახალგაზრდებში სულიერი, ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ფასეულობების განმტკიცებას ემსახურება.

მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ხშირად ეჭვქვეშ დგება ტრადიციული ზნეობრივი ღირებულებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდებისთვის მყარი სულიერი და მორალური საფუძვლების შექმნას. მისი თქმით, ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ პასუხისმგებლობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, პატრიოტიზმისა და მოყვასზე ზრუნვის პრინციპებით იხელმძღვანელოს.

სიტყვით გამოსვლისას მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნდობამ და მხარდაჭერამ პროექტის გაფართოებისა და გაძლიერების შესაძლებლობა შექმნა. მან ასევე ისაუბრა პროგრამის დადებით შედეგებზე, რომლებიც სასკოლო გარემოში ჯანსაღი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში აისახება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის გაძლიერებაში.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს იმ თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენთ. თქვენი საქმიანობა სცილდება არაფორმალური განათლების ფარგლებს – თქვენ ახალგაზრდებისთვის ხართ მრჩევლები, მხარდამჭერები და მისაბაძი ადამიანები“, – განაცხადა მინისტრმა.

დამსწრეებს ასევე მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ როგორც სასულიერო პირები, ისე მოსწავლეები. სასულიერო პირებს სიგელები ახალგაზრდების სულიერ და ზნეობრივ აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პროგრამის განვითარების ხელშეწყობისთვის გადაეცათ, ხოლო მოსწავლეები კლუბების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისა და მიღწევებისთვის დაჯილდოვდნენ.

„ღირებულებითი განათლების“ პროგრამა დღეს საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში ხორციელდება, სადაც 175 კლუბი ფუნქციონირებს. პროგრამაში ჩართულია 4 375 მოსწავლე. ინიციატივა ასევე ვრცელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ახალგაზრდებზე.

პროექტის შემდგომი გაფართოების მიზნით უკვე გადამზადებულია 129 სასულიერო პირი, რომლებიც 2026 წლის სექტემბრიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ახალ კლუბებს გახსნიან. საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, პროგრამის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლება და ჩამოყალიბდეს პასუხისმგებელ და აქტიურ მოქალაქედ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოსა და სერბეთის პირველი ლედები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს - სურათი 1
საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს - სურათი 2
საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს - სურათი 3

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ