ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

2824
15 ივნისი 17:57
23
უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია როგორც ადგილობრივ მოსახლეობას. ფოტო: ეპარქიის გვერდი უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია როგორც ადგილობრივ მოსახლეობას. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას თბილისიდან მოწვეული წამყვანი ექიმები მოემსახურებიან.

17 ივნისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, დირბის საჯარო სკოლაში, ფართომასშტაბიანი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. ღონისძიება დილის 10:00 საათზე დაიწყება და გათვლილია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციის ფარგლებში დირბისა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლებს ადგილზე მოემსახურებიან თბილისში მოქმედი კლინიკების წამყვანი სპეციალისტები. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სრულიად უფასოდ გაიაროს კონსულტაციები და სხვადასხვა სახის სამედიცინო კვლევები.

სამედიცინო აქციაში ჩართული იქნებიან ნევროლოგები, გინეკოლოგები, პედიატრები, კარდიოლოგები, ექოსკოპისტები, ქირურგები, ტრავმატოლოგები, ონკო-ჰემატოლოგები, თერაპევტები და რევმატოლოგები. ადგილზე შესრულდება კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის შემდგომი სამედიცინო მხარდაჭერაა. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით პაციენტები ჩაერთვებიან სპეციალურ სამედიცინო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს თბილისში კლინიკაში დამატებითი, სიღრმისეული კვლევების ჩატარებას, ლაბორატორიულ ანალიზებსა და, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული ოპერაციების მხარდაჭერას. აღნიშნული მომსახურებები მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება.

აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კონსულტაციები და მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: პედიატრიის, კარდიოლოგიის, ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ნეფროლოგიის, ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის, ანგიოქირურგიის, ინფექციური დაავადებების, რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების სფეროებში. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ენდოსკოპიური და რადიოლოგიური კვლევების მიმართულებით კონსულტაციები.

რეგისტრაცია ადგილზე 10:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა პაციენტების მიღება და გამოკვლევები გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა რეგისტრირებული მოქალაქე სრულად არ მიიღებს საჭირო მომსახურებას.

სამედიცინო აქციის ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მარიკა საზანდრიშვილს, დირბის საჯარო სკოლის დირექტორ ლევან ყაულაშვილს, განათლებისა და ჯანდაცვის უწყებებს, ასევე კლინიკა „გლობალმედის“ ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის უფასო სამედიცინო აქციები ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ სოფელში ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში განხორციელებული პროექტების ფარგლებში ადგილზე 10 000-ზე მეტი უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა, ხოლო ასობით მოქალაქემ თბილისში დამატებითი კვლევები და მკურნალობა მიიღო.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ რეგიონებში უფასო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქცია ამ მასშტაბური პროგრამის მორიგი ეტაპია.

მჟკ წერდა, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს ხორციელად შობის დღეს ულოცავს

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ