თურქი რეანიმატოლოგი ილია II-ის მკურნალობაში ჩაერთვება – სპეციალისტი თბილისში ღამით ჩამოვა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უცხოელი ექიმის მოწვევაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ყველა სამართლებრივი პროცედურა მიმდინარეობს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობის პროცესში თურქი ექიმი-რეანიმატოლოგი ჩაერთვება, რომელიც თბილისში გვიან ღამით ჩამოვა.
აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, უცხოელი სპეციალისტის მოწვევაზე მუშაობა დილიდანვე დაიწყო და გადაწყვეტილებაც ოპერატიულად იქნა მიღებული.
მინისტრის განმარტებით, თურქი ექიმი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და ავტორიტეტით, ხოლო კლინიკასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მას მიეცემა მუშაობის შესაძლებლობა.
„უცხოელი ექიმის მოწვევაზე ჩვენ დილიდან ვიმუშავეთ. პრაქტიკულად, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური და დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი-რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ილია II კლინიკაში გადაიყვანეს — მდგომარეობა საყურადღებოა.