თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა პროექტში „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ გაიმარჯვეს
ახალგაზრდობის სააგენტოს ოთხთვიან პროექტში გამარჯვებულთა შორის მოხვდა სტუდენტების დოკუმენტური ფილმი და ესე, ხოლო აკადემიას მადლობის სიგელი გადაეცა.
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – ოთხთვიანი ეტაპი წარმატებით დაასრულა. პროექტში მონაწილეობდა ოცდასამი უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი და ახალგაზრდული ცენტრი. ინიციატორები თვეების განმავლობაში ორ ათასზე მეტ ახალგაზრდას შეხვდნენ, რომელთაგან სამას ოცმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საკონკურსო პროცესში.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ნამუშევრები ოთხ თემატურ მიმართულებაზე წარადგინეს: თაობათაშორისი ურთიერთობები, ოჯახი, მიგრაცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. თითოეულ ნამუშევარში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქალაქის, ოჯახის და სახელმწიფოს ურთიერთკავშირს, რაც პროექტის მთავარ გზავნილში – „ვინახავთ ძველს, ვეძიებთ ახალს“ – იყო გამოხატული.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია პროექტში აქტიურად ჩაერთო. ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა, ლევან ხელაიამ და საბა ჩუგუაშვილმა, კონკურსზე წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც შიდა მიგრაციის, დაცლილი სოფლებისა და ქართველი ემიგრანტების პრობლემებს ეხებოდა. ამავე ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა გიორგი მჭედლიშვილმა კონკურსზე წარადგინა ესე, რომელიც ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქორწინების, განქორწინების, მრავალშვილიანობისა და აბორტის საკითხებს განიხილავდა.
პროექტის მონაწილეთა დასკვნითი შეხვედრა 22 თებერვალს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, სადაც ოთხ ნომინაციაში ორმოცი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა 90 სტუდენტი და პროექტში აქტიურად ჩართული უმაღლესი სასწავლებლები.
გამარჯვებულთა შორის დასახელდა ლევან ხელაიასა და საბა ჩუგუაშვილის დოკუმენტური ფილმი, ხოლო გიორგი მჭედლიშვილის ესემაც მოიპოვა გამარჯვება. ავტორებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. მადლობის სიგელი მიიღო თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამაც პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.
პროექტის მიზანია ოჯახის, როგორც სახელმწიფოს ფუნდამენტის, მნიშვნელობის წარმოჩენა და დემოგრაფიული საკითხების მიმართ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. პროექტი 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს პროექტის დასასრულს ახალგაზრდობის სააგენტო ხუთდღიან გასვლით ტურსაც შესთავაზებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ გაიმართა.