ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი პროექტი „ლექტორიუმი“ დაიწყო — პირველი შეხვედრა „ოკუპაციის დღეს“ მიეძღვნა
საქართველოს ისტორიის საკითხებზე ყოველთვიური საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოებას შორის თანამშრომლობით გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ერთობლივი პროექტი „ლექტორიუმი“ ოფიციალურად დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თვეში ერთხელ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრები, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს დაეთმობა.
„ლექტორიუმზე“ მოწვეულნი იქნებიან ისტორიკოსები და მეცნიერები, რომლებიც აუდიტორიას სხვადასხვა ისტორიულ თემაზე წარუდგენენ ლექციებსა და კვლევებს.
პირველი შეხვედრა 24 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა პაატა სურგულაძემ გააცნო.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. მან აღნიშნა, რომ „ლექტორიუმი“ ყოველთვიურად ჩატარდება ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ორგანიზებით და მიეძღვნება საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს.
მისივე თქმით, 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში სიმბოლური თარიღია, რომელიც ქვეყნისთვის დრამატულ გარდატეხას უკავშირდება. გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნსაცავი, არამედ ისტორიული მეხსიერების მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, სადაც დაცულია დოკუმენტები, პერიოდული გამოცემები, პირადი არქივები და სხვა მასალები, რომლებიც ქვეყნის ისტორიის მრავალხმიან სურათს ქმნის.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, მამა მირიან სამხარაძემ.
პირველი შეხვედრის ფარგლებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ ჯანელიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე — „ოკუპაციის დღე“, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემასა და საბჭოთა ოკუპაციის ისტორიულ მნიშვნელობას შეეხებოდა.
პროექტი „ლექტორიუმი“ მიზნად ისახავს ისტორიული ცოდნის გაღრმავებასა და საზოგადოებაში საქართველოს ისტორიის გააზრების ხელშეწყობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი აღავლინა.