გორის საკათედრო ტაძარში დიდი მარხვის პირველი შვიდეულის მსახურება აღევლინა

2824
24 თებერვალი 15:12
42
ანდრია – გორის და ატენის მიტროპოლიტი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ანდრია – გორის და ატენის მიტროპოლიტი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა ანდრიამ მორწმუნეებს მარხვის სულიერ მნიშვნელობასა და მის სწორად წარმართვაზე მიმართა.

23 თებერვალს, დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) საღვთო მსახურება აღავლინა.

ღვთისმსახურებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიდი მარხვის სულიერ მნიშვნელობასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ქრისტიანს ამ განსაკუთრებულ პერიოდში ეკისრება. აღინიშნა, რომ მარხვის სწორად წარმართვა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაატარებს მორწმუნე დიდმარხვის პირველ კვირას, რომელიც სულიერი განახლებისა და განმტკიცების საწყისად მიიჩნევა.

ეკლესიის სწავლებით, ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, განსაკუთრებით კი პირველ შვიდეულში, მკაცრ მარხვას იცავდნენ — ისინი დღის უმეტეს ნაწილს ტაძარში ატარებდნენ და საკვებს მხოლოდ ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ, უზეთოდ იღებდნენ.

დღესაც, ეკლესიური წესით მცხოვრები ქრისტიანები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, პირველ კვირაში უზეთო საკვებს დღეში ორჯერ იღებენ, ხოლო ვისაც ეს უჭირს, ნებადართულია ზეთიანი საკვების მიღება დღეში სამჯერ. ამასთან, ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად, ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც შეიკავონ თავი ზეთის გამოყენებისგან.

დიდი მარხვა ქრისტიანებისთვის არის განსაკუთრებული პერიოდი, რომელიც სინანულის, სულიერი განწმენდისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მომზადების გზას წარმოადგენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სინანულის წმინდა კარი იხსნება – ქრისტიანები დიდმარხვას სულიერი განახლებისა და აღდგომის მოლოდინში ხვდებიან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ