31 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს წმიდა მოციქულსა და მახარებელს ლუკას
ექიმი, მახარებელი და ღვთისმშობლის პირველი ხატმწერი.
წმიდა ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, პალესტინაში ჩავიდა და თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დროს წმიდა ლუკა სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო და უფალმა იგი ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგებისათვის გაგზავნა.
უფლის აღდგომის შემდეგ ქრისტე ემაუსის გზაზე წმიდა ლუკას და კლეოპას გამოეცხადა. მოგვიანებით, წმიდა ლუკა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში გაჰყვა და მასთან ერთად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. პავლესთან ერთად მან მოიარა მრავალი ქვეყანა, მათ შორის აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა, სადაც მოწამეობრივი აღსასრულით დაასრულა სიცოცხლე.
წმიდა გადმოცემის მიხედვით, ლუკა მახარებელი იყო ღვთისმშობლის პირველი ხატების მხატვარი. ერთ-ერთი ხატის ხილვისას ყოვლადწმიდა ქალწულს უთქვამს: „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ სწორედ მას უკავშირდება აწყურის ღვთისმშობლის ხატის წარმოშობაც. წმიდა ლუკას ეკუთვნის აგრეთვე წმიდა პეტრესა და პავლეს ხატები.
ლუკას სახარება, რომელიც პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაახლოებით 62-63 წლებში რომში დაიწერა, ერთ-ერთ ყველაზე სრულსა და ქრონოლოგიურად გამართულ თხრობად ითვლება ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. წმიდა ლუკას ეკუთვნის აგრეთვე „საქმე მოციქულთა“, რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და აღწერს ქრისტიანული ეკლესიის პირველ ხანებსა და მოციქულთა ღვაწლს.
წმიდა ლუკა მახარებლის ცხოვრება და მოღვაწეობა დღემდე რჩება უდიდეს მაგალითად ქრისტიანული რწმენის, ერთგულებისა და შემოქმედებითი მსახურებისათვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება ჩატარდა.