წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი — ეკლესიის მნათობი და კაცთმოყვარეობის მაგალითი

2824
19 დეკემბერი 2025 10:22
6
წმინდა ნიკოლოზის ხატი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები წმინდა ნიკოლოზის ხატი. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ცხოვრება, სულიერი ღვაწლი და სასწაულები, რომლებიც საუკუნეებს გასდევს.

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყოველთაოდ საყვარელი წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში. მისი სახელი დაკავშირებულია მოწყალებასთან, სიმდაბლესთან, შეუპოვარ სარწმუნოებასთან და ღვთის მადლით აღსავსე სასწაულებთან. ეკლესიამ მის შესახებ შემოინახა როგორც ისტორიული ცნობები, ისე სულიერი გადმოცემები, რომლებიც წმიდანის ღვაწლსა და მის განსაკუთრებულ ღმერთთან სიახლოვეს წარმოაჩენს.

წმიდა ნიკოლოზი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში დაიბადა, მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა — კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდნენ. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ შობილ შვილს ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ვედრება და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული — მშობიარობის შემდეგ დედა მძიმე სნეულებისგან განიკურნა.

ნიკოლოზი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა სულიერი სიმწიფით. გადმოცემის თანახმად, ნათლისღებისას ახალშობილი ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად, ხოლო ჩვილობიდანვე მარხვით ცხოვრებას ეჩვეოდა — ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ ერთხელ იღებდა დედის რძეს. მისი ბავშვობა და სიჭაბუკე მთლიანად ლოცვასა და საღვთო წერილის კითხვას მიეძღვნა: დღისით ტაძარში იმყოფებოდა, ღამით კი წმიდა წიგნებს კითხულობდა და ლოცვაში ატარებდა დროს.

წმიდა ნიკოლოზის სულიერი აღზრდის საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა. მან ჯერ მედავითნედ დაადგინა ძმისწული, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს ეპისკოპოსმა სულიწმიდის მადლით აღვსილმა წინასწარმეტყველურად მიმართა სამწყსოს და წმიდა ნიკოლოზი „ახალ მზედ“ მოიხსენია, რომელიც მრავალ მწუხარებას გაანათლებდა.

ახალგაზრდა მღვდელი გამოირჩეოდა სიბრძნით, ღრმა სარწმუნოებითა და სიტყვით ქადაგების ძალით. იგი სწრაფად გახდა მრევლისთვის სულიერი საყრდენი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნეტარმა ნიკოლოზმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და თავად სიმდაბლით განაგრძო ცხოვრება. განსაკუთრებით ცნობილია შემთხვევა, როდესაც მან ფარულად იხსნა გაღატაკებული ოჯახის სამი ასული სულიერი დაღუპვისგან, ღამით ფანჯრიდან ოქროს ქისების შეგდებით. წმიდანი მუდამ ცდილობდა, კეთილი საქმეები უჩუმრად აღესრულებინა, რათა დიდება მხოლოდ ღმერთს მისდგომოდა.

ღვთის განგებულებით წმიდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეპისკოპოსთა ლოცვითა და ღვთიური მინიშნებით სწორედ იგი იქნა ამორჩეული, როგორც უფლის რჩეული მწყემსმთავარი. მირონში მისი მსახურება გამოირჩეოდა სიმდაბლით, სამართლიანობითა და კაცთმოყვარეობით. იგი მაგალითი იყო როგორც სამღვდელოებისთვის, ისე მრევლისთვის.

დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდა ნიკოლოზი არ შეუშინდა საფრთხეს და განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. ამის გამო იგი სხვა ქრისტიანებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და თანაპყრობილებს სულიერად ამაგრებდა. დევნის დასრულების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, წმიდანი კვლავ დაუბრუნდა თავის სამწყსოს.

325 წელს წმიდა ნიკოლოზმა მონაწილეობა მიიღო I მსოფლიო საეკლესიო კრებაში ნიკეაში, სადაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო დამკვიდრდა. გადმოცემის მიხედვით, არიოზის ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში წმიდანმა განსაკუთრებული მოშურნეობა გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროით მას მღვდელმთავრის ხარისხი ჩამოართვეს, ღვთიური ხილვით ეკლესიამ კვლავ აღადგინა იგი პატივში.

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სავსე იყო სასწაულებით. მან იხსნა უსამართლოდ სიკვდილმისჯილი ადამიანები, განკურნა სნეულნი, გაათავისუფლა ეშმაკეულნი და მრავალ გაჭირვებულს დროულად შეეწია. მისი შეწევნა სიკვდილის შემდეგაც არ შეწყვეტილა — წმიდა ნაწილები მირონს გამოსცემდა და მრავალი კურნების წყაროდ იქცა. 1087 წელს ეს სიწმინდეები იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს, სადაც დღესაც განსაკუთრებული პატივით არის დაცული.

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი ეკლესიისთვის დარჩა როგორც სარწმუნოების მტკიცე დამცველი, მოწყალების ცოცხალი მაგალითი და ღვთის მადლით აღსავსე მწყემსმთავარი. მისი ცხოვრება დღემდე ასწავლის ქრისტიანებს სიყვარულს, სიმდაბლესა და მოყვასის მსახურებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხაშურში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია აღევლინება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ