მიტროპოლიტმა იობმა მსახურება აღავლინა ბერთუბნის ტაძარში
მიტროპოლიტს თანამსახურებდნენ მესტიისა და ზემო
სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი,და სხვა სასულიერო პირები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს,წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მსახურება აღავლინა ბერთუბნის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში,თანამსახურებდა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი,და სხვა სასულიერო პირები.
XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში.
ვახტანგ I - ქართლის მეფე V საუკუნის მე-2 ნახევარში – ვახტანგ მეფეზე „ქართლის ცხოვრებაში“ ცალკე თხზულება არის შესული „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, რომლის ავტორია ჯუანშერი.
ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა, ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შეიქმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დომენში (ქართლ-კახეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისკოპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა, მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გაააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდილოეთ კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერი ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეზე იყო, მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან, არც ბიზანტია დაეხმარა, ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-384 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი იობი ბერთუბნის მამათა მონასტერში საზეიმო ლიტურგიას აღავლენს.