ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა
სკოლის დირექტორებმა, პედაგოგებმა და სასულიერო პირებმა პროექტის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა, სადაც პროექტის მიმდინარეობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრეს. ინფორმაციას ,,ერთსულოვნება'' ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან ხაზი გაუსვა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში და აღნიშნა, რომ პროექტი მომავალ თაობებში მორალურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობებს აძლიერებს.
ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი ინიციატივები.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმაც. მან აღნიშნა, რომ სკოლებში ღირებულებითი განათლების გაძლიერება სასწავლო გარემოს განვითარებისა და მოსწავლეთა პიროვნული ზრდისთვის აუცილებელია.
შეხვედრას სკოლის დირექტორები, პედაგოგები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსებას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ღირებულებითი განათლების პროგრამა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის პროგრამა 50 სკოლაში უკვე ისწავლება და მასში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი ბანას ტაძრის შესახებ სტუდენტური-სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.