გივი მიქანაძე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლა-გიმნაზიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა, სადაც მას გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა.
მინისტრმა სკოლა-გიმნაზიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, გაეცნო მიმდინარე აქტივობებსა და სასწავლო პროგრამებს. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღირებულებითი განათლების პროგრამაზე, რომელიც სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით შეიქმნა.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას სთავაზობს.
სასწავლებელში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად ძველი ქართული ენის, საღვთო სჯულისა და ქრისტიანული კულტურის ისტორიის მიმართულებითაც. მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებსა და ცეკვებს, ასევე ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას.
სასწავლებელში ფუნქციონირებს ლიტერატურისა და თეატრის, სიმღერისა და გალობის, ხალხური საკრავებისა და ცეკვის წრეები, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლუბები.
სკოლის შენობა მოიცავს 33 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და სააქტო დარბაზებს, სახელოსნოსა და ბიბლიოთეკას, რომელიც უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდითა და პერიოდული გამოცემებით.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღირებულებითი განათლების მორიგი შეხვედრა გაიმართა.