ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან გამოაბრძანეს ,,პალიასტომის" ღვთისმშობლის ხატი
სამშვიდობო პარაკლისი შეასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.
11 ოქტომბერს, პალიასტომის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან გამობრძანდება ქუთაისის მფარველი ,,პალიასტომის" ღვთისმშობლის ხატი ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) საკათედრო ტაძარში, სადაც მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ შეასრულა სამშვიდობო პარაკლისი. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
პალიასტომის ღვთისმშობლის ხატზე მარიამ ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით. ხატი ფერწერისაა და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი მას XVI საუკუნით ათარიღებს. ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება: „ქ. შენ ღრუბელსა მსგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით... ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ“. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული აღინიშნება.