თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის ისტორია
ავლაბარი — უძველესი ისანი და დარეჯან დედოფლის სულიერი მემკვიდრეობა.
ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი ძველი სახელწოდება იყო ისანი. არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულიდან იყო დასახლებული. XI–XII საუკუნეებში ისანში მდებარეობდა საქართველოს მეფეთა სასახლეები, ტაძრები, ბაღები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. XIII საუკუნის დასასრულისთვის ისანს უკვე „მეტეხი“ ეწოდა, ხოლო სახელწოდება ავლაბარი საბოლოოდ XIV საუკუნეში დამკვიდრდა.
ძველი ისანი დღეს ჩვენს თვალწინ მეტეხის ტაძრით იშლება. „მეტეხის გორაზე“, ისნის უძველეს ზღუდეზე აღმართული ,,დარეჯან დედოფლის სასახლე”განსაკუთრებულ მხატვრულ-არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს თბილისის ამ ძველ უბანს. აქედან იშლება ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ხედი.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მეფე ერეკლე II-ის მეუღლემ, დარეჯან დედოფალმა, ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, ააგო სასახლე და 1776 წელს წმინდა მეფეთა — წმინდა ერეკლესა და წმინდა დარიას სახელზე კარის ეკლესია დედოფლის თაოსნობით აგებული სასახლე და ეკლესია, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად, ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენდა, რომელიც ქვის გალავნით იყო შემოზღუდული. დარეჯან დედოფლის სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო და მას „თბილისის საჩინო“ ეწოდებოდა.
1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს, სასახლე და ტაძარი ძლიერ დაზიანდა. ამ მძიმე უბედურების შემდეგ, როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, ნაგებობები ეტაპობრივად აღდგა.
მეფე ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, დარეჯან დედოფალმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები აქ გაატარა. რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, 1803 წელს იგი პეტერბურგში გადაასახლეს. 1807 წელს, სამშობლოს მონატრებით დამძიმებულმა დედოფალმა უცხოობაში მიაბარა სული უფალს. იგი ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ხარების ტაძარში დაკრძალეს. იქვე პოვეს სამუდამო განსასვენებელი მისი შვილებმაც.
1811 წელს რუსეთის მთავრობამ და სინოდმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. ეკლესია სინოდის მმართველობას დაექვემდებარა ეგზარქოსების მეშვეობით. ეკლესია-მონასტრებს ჩამოერთვა მამულები, მოიშალა ქართული საეკლესიო წეს-ჩვეულებები, ქართული ღვთისმსახურება და საგალობლები რუსულმა შეცვალა. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში დიდი ღვაწლით ქმნიდა.
მოსე ჯანაშვილის ცნობით, დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, სასახლე ეკლესიასთან ერთად შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და იქ სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლა გახსნა. 1824 წელს ეგზარქოსმა იონამ ტაძარი *მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა*, მოგვიანებით კი აქ მამათა მონასტერიც დაარსდა.
დარიის მონასტერი ქართველი დიდებულებისა და სასულიერო პირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავშეყრის ადგილად იქცა. აქ მოღვაწეობდნენ 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები — არქიმანდრიტი ტარასი ალექსი-მესხიშვილი, მღვდელმონაზონი პორფირი, მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე და სხვები. შეთქმულების დამარცხების შემდეგ, ბევრი მათგანი დააპატიმრეს ან გადაასახლეს. ფილადელფოს კიკნაძე საპატიმროში გარდაიცვალა და მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
ფერისცვალების მამათა მონასტერში მოღვაწეობდნენ მრავალი გამორჩეული ქართველი სასულიერო პირი, მათ შორის: ალავერდელი ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, წმინდა აღმსარებელი ამბროსი ხელაია, მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე და სხვანი. აქვე აღიკვეცა ბერად წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე.
მონასტერში დაცული იყო მრავალი სიწმინდე, მათ შორის — ხის პინაკის ნაწილი, რომელზეც, გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა აღასრულა. დროთა განმავლობაში ეს სიწმინდეები სხვადასხვა მიზეზით მონასტერს გამოეცალა.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი მძიმე სოციალურ პირობებში აღმოჩნდა. მიწებისა და ქონების ჩამორთმევამ სამონასტრო ცხოვრება დაასუსტა. 1920 წელს მონასტერი სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა, ხოლო 1922 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით, მონასტრული ცხოვრება კვლავ აღდგა.
კომუნისტური რეჟიმის დროს მონასტერი დაიხურა. ეკლესია გამოიყენებოდა საწყობად, მუზეუმად, მოგვიანებით კი თეატრად. მხოლოდ 1990 წლიდან გადაეცა ეკლესია საპატრიარქოს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა ფერისცვალების დედათა მონასტერი. ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, გათავისუფლდა ტერიტორია უკანონო მინაშენებისგან.
ფერისცვალების ტაძარი ბაზილიკური ტიპის ნაგებობაა. მისი არქიტექტურა წარმოადგენს ქართული და ისლამური სტილის სინთეზს. ფრესკები ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა შემორჩენილია ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული გამოსახულებები. საკურთხეველი ხელახლა მოიხატა დეკანოზ იოსებ ვანიძის მიერ.
დღეს მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მარიამი (მიქელაძე). მონასტერში მოღვაწე დედების ძირითადი საქმიანობაა თარგმნითი საქმიანობა, ხელსაქმე, ბაღების მოვლა და სოციალური მსახურება. 2003 წელს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის დაქვემდებარებაში გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის სასნეულო სახლი და მოწყალების დების სასწავლებელი. მონასტრის ერთ-ერთ ტერასაზე აშენდა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ტაძარი.