საეკლესიო ტრადიცია გარდაცვლილი ადამიანის ტაძარში დასვენების შესახებ

2826
05 აგვისტო 14:46
98
საეკლესიო ტრადიცია გარდაცვლილი ადამიანის ტაძარში დასვენების შესახებ. ილუსტრაცია: მჟკ საეკლესიო ტრადიცია გარდაცვლილი ადამიანის ტაძარში დასვენების შესახებ. ილუსტრაცია: მჟკ

თანამედროვე საზოგადოებრივ-ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ აქტუ-ალობას იძენს დაკრძალვისწინა რიტუალის ორგანიზება, კერძოდ - მიცვალებულის ტაძარში დასვენების პრაქტიკა.

ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, მიცვალებულზე ზრუნვა, მისი სხეულისადმი პატივის მიგება და საეკლესიო წესის აგება მართლმადიდებლური ანთროპოლოგიისა და ესქატოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანი სულისა და სხეულის ერთიანობაა, ხოლო მისი სხეული - სულიწმინდის ჭურჭელი და მომავალი საყოველთაო აღდგომის თანამოზიარე. ამდენად, გარდაცვლილისადმი მიგებული პატივი, არა უბრალოდ სოციალური, თუ კულტურული რიტუალია, არამედ ეკლესიის საიდუმლოაღსრულებითი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

თანამედროვე საზოგადოებრივ-ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დაკრძალვისწინა რიტუალის ორგანიზება, კერძოდ - მიცვალებულის ტაძარში დასვენების პრაქტიკა. აღნიშნული საკითხის პრაქტიკულ-თეოლოგიური კვლევისას აუცილებელია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გაიმიჯნოს ორი განსხვავებული მოვლენა: მიცვალებულზე განსვენების წესის აღსრულება ტაძარში, რომელიც უძველეს და საყოველთაო საეკლესიო ტრადიციას წარმოადგენს, და მიცვალებულის ხანგრძლივი დროით (რამდენიმე დღით) ტაძარში დასვენება, რომელიც ისტორიულად ადგილობრივი და შედარებით გვიანდელი ჩვეულებაა. დღეს საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის ისტორიულ-ლიტურგიკული და კანონიკური ანალიზი საშუალებას იძლევა, აღდგეს ობიექტური სურათი ეკლესიის ადრეული გადმოცემისა და მისი განვითარების ეტაპების შესახებ.

პირველი საუკუნეების ქრისტიანულ საზოგადოებაში მიცვალებულს, როგორც წესი, საკუთარ სახლში ასვენებდნენ. ოჯახის წევრები, ახლობლები და მორწმუნეთა თემი მის გვერდით კითხულობდნენ ფსალმუნებს, აღავლენდნენ ლოცვებს და ქრისტიანული სასოების ნიშნად ამზადებდნენ დაკრძალვისთვის. შემდეგ, მიცვალებული მიჰყავდათ ტაძარში, სადაც აღესრულებოდა გასვენების წესი და შესაბამისი ლიტურგიკული მსახურება, რის შემდეგაც მას მიასვენებდნენ სასაფლაოზე.

ამგვარი თანმიმდევრობის უძველეს დადასტურებას ვხვდებით წმინდა დიონისე არეოპაგელის ფუნდამენტურ ნაშრომში „საეკლესიო იერარქიის შესახებ“ (თავი VII). წმინდა მამა დეტალურად აღწერს დაკრძალვის საეკლესიო რიტუალს: მიცვალებული მოჰყავთ ტაძარში და ასვენებენ საკურთხევლისა და ეპისკოპოსის წინ. იერარქი და სამღვდელოება აღასრულებენ სამადლობელო ლოცვებს, კითხულობენ საღვთო აღთქმებსა და ფსალმუნებს, დამსწრენი მიაგებენ წმინდა ამბორს და ევედრებიან უფალს მისი სულის დამკვიდრებას (სასუფეველში). წმინდა დიონისეს სწავლებით, ტაძარში შემოყვანა ევქარისტიულ ერთობასა და საეკლესიო გაცილებას უკავშირდება.

ანალოგიურად, IV საუკუნის გამოჩენილი მამა, ნეტარი ავგუსტინე თავის „აღსარებანში“ იხსენებს დედის, წმინდა მონიკას გარდაცვალებას და აღნიშნავს, რომ მისი ცხედარი, საეკლესიო წესისამებრ, მიასვენეს ტაძარში უსისხლო მსხვერპლის შესაწირავად და დაკრძალვის მსახურების აღსასრულებლად.

ტაძარში მიცვალებულის შემოყვანისა და საეკლესიო წესის აგებისას ეკლესიას თავიდანვე დადგენილი ჰქონდა მკაცრი კანონიკური ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავდა, თუ რა კატეგორიის ადამიანებს ეხებოდათ ეს საეკლესიო პატივი: ტაძარში დასვენება და ლოცვითი გაცილება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებრივ წიაღში, ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და ევქარისტიულ ერთობაში გარდაიცვალნენ. წმინდა დიონისე არეოპაგელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს წესი ეხებოდა ყველა მონათლულს (როგორც სასულიერო პირთ, ისე ერისკაცთ), ხოლო მოუნათლავთათვის ტაძრის კარი დახურული იყო.

საეკლესიო სამართლის მიხედვით, ტაძარში შემოყვანა და საზოგადო ლოცვის აღვლენა იკრძალებოდა მათთვის, ვინც ეკლესიის ევქარისტიული ერთობის მიღმა იმყოფებოდა: მოუნათლავთათვის, ეკლესიიდან განკვეთილთათვის, მწვალებელთა და სქიზმატიკოსთათვის, ასევე საკუთარი ნებით სიცოცხლის მომსპობთათვის (თვითმკვლელთათვის - წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის მე-14 კანონის თანახმად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასტურდებოდა პირის მძიმე სულიერი დაავადება ან გონებააშლილობა).

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის (XV ს.) ცნობებით, ტაძრის შიგნით განთავსებაც გარკვეულ იერარქიულ დაყოფას ექვემდებარებოდა. ეპისკოპოსებსა და მღვდელმსახურებს წესს აუგებდნენ უშუალოდ ტაძრის შიგნით (ამბიონთან ან საკურთხევლის სიახლოვეს), ხოლო ერისკაცებსა და მონაზვნებს - ტაძრის კარიბჭეში (სტოაში). დროთა განვლობაში ეს წესი განვითარდა და ერისკაცთა დასვენებაც ტაძრის შუაგულში დამკვიდრდა. უშუალოდ ხანგრძლივი დროით ტაძარში დასვენება (საზოგადო გამოსათხოვებლად) ისტორიულად ეხებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ კატეგორიას - მოწამეებს, გამოჩენილ მღვდელმთავრებსა და მონასტრის წინამძღვრებს. ეს განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატულება იყო და არა ყველა ქრისტიანისათვის დადგენილი საყოველთაო ნორმა.

ტაძარში დასვენების ხანგრძლივობასა და ხასიათს ნათლად ასახავს ძველი ბერძნული და ქართული კურთხევანები. დაკრძალვის განგებაში დეტალურად არის აღწერილი მიცვალებულისათვის აღსასრულებელი ლოცვები, ფსალმუნები,  საკითხავები წმინდა წერილიდან, უკანასკნელი ამბორის წესი და საფლავზე გაცილება, მაგრამ არსად გვხვდება მითითება, რომ მიცვალებული რამდენიმე დღით აუცილებლად ტაძარში უნდა ესვენოს. ლიტურგიკული ტექსტები იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მიცვალებული უკვე ტაძარშია მოყვანილი გასვენების წესის აღსასრულებლად, რაც ცხადყოფს, რომ ტაძარი უპირველესად დაკრძალვის ლიტურგიკული მსახურების ადგილია და არა მიცვალებულის ხანგრძლივი დასვენების სივრცე.

წმინდა იოანე ოქროპირი მრავალ ქადაგებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეკლესიის ლოცვაზე, ფსალმუნთა კითხვაზე, ღვთაებრივ ლიტურგიაზე მიცვალებულის მოხსენებასა და მოწყალების გაღებაზე: „გვითხარი, რატომ ვლამპრობთ და ვგალობთ ფსალმუნებს მიცვალებულის გაცილებისას? იმიტომ, რომ მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომელმაც უკვე აკურთხა გარდაცვლილი. ხოლო ანთებული სანთლები ნიშანია იმისა, რომ მიცვალებულს ვაცილებთ ჭეშმარიტი დაუღამებელი ნათლისაკენ“. ოქრომესიტყვე წმინდა მღვდელმთავარი მკაცრად გმობს წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და გადაჭარბებულ გლოვას, თუმცა არსად ასწავლის, რომ ტაძარში ხანგრძლივი დასვენება აუცილებელი ან განსაკუთრებული მადლის მომნიჭებელი ქმედებაა.

კვლავ XV საუკუნის ცნობილი მღვდელმთავარი და ლიტურგისტი წმინდა სვიმეონ თესალონიკელი დავიმოწმოთ. წმინდა მამა ამგვარად განმარტავს, საეკლესიო გაცილებისა და ლოცვითი ერთობის არსს: „ჩვენ ვგალობთ მის ამ სოფლიდან გასვლასა და ჩვენგან განშორებაზე, მაგრამ ამავდროულად - ერთობასა და ხელახალ შეხვედრაზეც. რამეთუ გარდაცვლილნიც კი სრულიად არ ვართ განშორებულნი ერთმანეთს, ვინაიდან ყველანი იგივე გზას მივდევთ და კვლავ შევხვდებით ერთურთს იმავე ადგილას“. მისი აღწერაც ადასტურებს, რომ ტაძარში მიყვანის მიზანი სწორედ საეკლესიო მსახურების აღსრულებაა.

ქართული საეკლესიო ხელნაწერებიც სრულ თანხვედრაშია ბიზანტიურ ტრადიციასთან. შუა საუკუნეების ქართულ კურთხევანებსა თუ ტიპიკონებში არ მოიპოვება რაიმე მითითება, რომელიც ტაძარში ხანგრძლივ დასვენებას საყოველთაო საეკლესიო წესად დაადგენდა. თუმცა, მე-20 საუკუნეში, საბჭოთა ათეისტური რეჟიმისა და ტაძრების მასობრივი დახურვის გამო, საეკლესიო წესის აგების პრაქტიკა იძულებით გადავიდა ოჯახურ სივრცეში. ამან საზოგადოებაში გააჩინა მცდარი წარმოდგენა, თითქოს მიცვალებულის მხოლოდ სახლში დასვენება იყო ერთადერთი ტრადიციული ფორმა.

დღეს საქართველოში მიცვალებულის ტაძარში დასვენება ფართოდ გავრცელებული და ეკლესიის მიერ დაშვებული პრაქტიკაა, როდესაც ამის ნებას ტაძრის წინამძღვარი (ეპისკოპოსის კურთხევით) იძლევა. ამ ტრადიციის აღორძინებას ხელი შეუწყო როგორც თანამედროვე საცხოვრებელი პირობების ცვლილებამ, ისე მორწმუნეთა სურვილმა, რომ მიცვალებული უკანასკნელ გზაზე ტაძრის ლოცვით გარემოში გააცილონ. თუმცა ისტორიული და ლიტურგიკული თვალსაზრისით, ეს არის ადგილობრივი და შედარებით გვიან ჩამოყალიბებული ჩვეულება და არა უძველესი საყოველთაო საეკლესიო განწესება.

მიცვალებულის ტაძარში დასვენების საეკლესიო-ისტორიული, კანონიკური და ლიტურგიკული ანალიზი ცხადყოფს, რომ ქრისტიანული ეკლესიის უცვლელ და უძველეს გადმოცემას წარმოადგენს გარდაცვლილისათვის წესის აგება ღვთის ტაძარში, მისი მოხსენიება ევქარისტიულ მსახურებაზე და ეკლესიის ლოცვითი გაცილება. უშუალოდ დაკრძალვამდე ტაძარში მიცვალებულის ხანგრძლივი დასვენება წარმოადგენს ადგილობრივ, შედარებით გვიანდელდელ პრაქტიკას, რომელიც საეკლესიო კანონიკურ ვალდებულებად ვერ ჩაითვლება.

დღეს არსებული ეს ჩვეულება ეკლესიის მიერ სრულიად დასაშვები და შეწყნარებელია, რადგან იგი მორწმუნეთა სულიერ ნუგეშსა და ლოცვით განწყობას ემსახურება. თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის სულისათვის გადამწყვეტია არა სხეულის ფიზიკური ადგილსამყოფელი დაკრძალვამდე, არამედ ეკლესიის ლოცვა, წესის აგება, ლიტურგიკული მოხსენიება, მოწყალების გაღება და ახლობელთა გულითადი ვედრება. ამ საზღვრის გაცნობიერება საზოგადოებას ეხმარება, თავი დააღწიოს გარეგნულ ფორმალიზმსა, თუ მცდარ შეხედულებებს და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც ჭეშმარიტად მარადიული და მაცხოვნებელია განსვენებულის სულისათვის.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ