„არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“

2825
30 მაისი 09:00
41
საილუსტრაციო ფოტო: მჟკ საილუსტრაციო ფოტო: მჟკ

მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება განსაკუთრებულ ადგილს უთმობს მიცვალებულთა მოხსენიებას, რაზეც მკაფიოდ მოწმობს ეკლესიის მიერ მთელი ლიტურგიკული წლის მანძილზე სპეციალურად დადგენილი მსახურებები.

მართლმადიდებელი ეკლესია ცხოვრობს იმ მტკიცე რწმენით, რომ ღმერთთან ყველა ცოცხალია. სწორედ ასეთი ცოცხალი რწმენითა და განცდით აღვიქვამთ ჩვენ გარდაცვალებას, გადასვლას წუთისოფლიდან მარადისობაში. იქიდან გამომდინარე, რომ „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“, მოვალენი ვართ, უფლის გულმოწყალებაზე მსასოებელნი, ვევედრებოდეთ ღმერთს მათი სულების ცხონებას.

„ულოცევდით ურთიერთარს“ (იაკობი 5,16) - ბრძანებს წმიდა იაკობ მოციქული, რომელიც გულისხმობს არა მარტო ცოცხალთათვის, არამედ მიცვალებულთათვის ლოცვასაც, რადგან მათს მოხსენიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეკლესია არ შემოიფარგლება მხოლოდ ამქვეყნიურით და არ ლოცულობს მხოლოდ „ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა“, არამედ იგი არ ივიწყებს სარწმუნოებით აღსრულებულებსაც და ევედრება უფალს „განსუენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა), რაჲთა შეენდვნეს ამას ყოველნივე შეცოდებანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი“, და „რაჲთა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული ამისი, სადაცა მართალნი განისუენებენ“ ამით კი, კიდევ ერთხელ წარმოჩნდება ერთობა  მებრძოლი და მოზეიმე, მიწიერი და ზეციური ეკლესიისა. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს და არავინ თავით თჳსით მოკუდების; რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ და გინა თუ მოვწყდებით, უფლისა მიერვე მოვწყდებით (რომაელთა მიმართ 14, 7-8). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენ გვმართებს ლოცვა უფლისადმი, როგორც ცოცხალთათვის, ისე შესვენებულთათვის.

მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება განსაკუთრებულ ადგილს უთმობს მიცვალებულთა მოხსენიებას, რაზეც მკაფიოდ მოწმობს ეკლესიის მიერ მთელი ლიტურგიკული წლის მანძილზე სპეციალურად დადგენილი მსახურებები. მაგალითად, მიცვალებულებს ვიხსენიებთ: ხორციელის შაბათს, დიდი მარხვის II, III და IV შვიდეულის შაბათს, თომას კვირის სამშაბათს და სულის შაბათს (სულთმოფენობის წინა დღე).  გარდა ამისა, საეკლესიო განჩინებით, ყოველ შაბათ დღეს ეკლესია ყველა წმინდანთან ერთად მიცვალებულებსაც მოიხსენიებს.

ლიტურგიკული საკითხავები: ტროპარები და ესა თუ ის ლოცვა, ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსს შეიცავს. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ის, თუ როგორ გადმოიცემა სწავლება სარწმუნოებით აღსრულებულთა შესახებ ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში და რას ევედრება ეკლესია უფალს მათთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლი, რომელიც მან აღასრულა კაცობრიობისათვის. უფალმა ვნებით, ჯვარზე სიკვდილით და აღდგომით იხსნა ადამიანთა მოდგმა სიკვდილისაგან, ტანჯვისა და ეშმაკის პყრობილებისაგან. წმიდა იოანე დამასკელის სწავლებით: „ჩადის ჯოჯოხეთში განღმრთობილი სული, რომ ისევე როგორც მიწაზე მყოფთათვის ამოვიდა სიმართლის მზე, ასევე მიწის ქვეშ წყვდიადსა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთაც გამოუბრწყინდეს სინათლე, რომ ისევე როგორც მიწაზე მყოფთ ეხარათ მშვიდობა, დატყვევებულთ - განთავისუფლება, ბრმათ - თვალის ახელა და ისევე როგორც მორწმუნეებს მარადიული ხსნის მიზეზი გაუხდა იგი, ამგვარადვე ჯოჯოხეთში მყოფთაც... და ამ სახით გახსნა რა მან საუკუნითგან ბორკილდებულნი, კვლავ მკვდართაგან ზეამოვიდა და გაგვიკვალა ჩვენ აღდგომა“. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით, სიკვდილი უკვე ვეღარ ხელმწიფებს იმ მოკვდავებზე, ვინც რწმენით და მომავალი აღდგომის იმედით გარდაიცვლებიან. უფალი განამართლებს და განუსვენებს მათ, ვინც ღმრთისმოშიშებით ემსახურა მას თავისი ცხოვრების მანძილზე. ქრისტე ღმერთი, სარწმუნოებით აღსრულებულთა მიმართ ავლენს განსაკუთრებულ სიყვარულს, იგი თავისი ტანჯვით და ჯვარზე კაცობრივი სიკვდილით, აგრძელებს ცოდვათა მიტევებას მიცვალებულთადმი. უფალი განსაკუთრებით შეეწევა მათ, ვინც მის მიმართ სარწმუნოებით, სასოებით და სიყვარულით არის განმსჭვალული. ღვთის შეწევნით, ისინი განერიდებიან გეენიის მტანჯველ ცეცხლს და დაიმკვიდრებენ განსასვენებელ ადგილს სასუფეველში.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიმჩნევა ლიტურგიკულ საკითხავებში, შეეხება იმ ქრისტიანებს, რომლებიც მოუნანიებელი ცოდვებით აღესრულნენ. საეკლესიო სწავლებით, ამქვეყნად ჭეშმარიტი სინანულის გარეშე შეუძლებელია სასუფევლის დამკვიდრება. სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა  სწორედ მათი რწმენისა და სინანულის მიხედვით განისაზღვრება. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები, ჩაფლულნი ამქვეყნიურ საზრუნავში, ვერ ვაცნობიერებთ იმ მომავალ დიდებას, რომელიც  განმზადებულია თითოეული ჩვენგანისთვის და ცხოვრებას, რომელიც მღელვარე ზღვას ჰგავს, სინანულის ცრემლების გარეშე ვატარებთ. მიუხედავად ამისა, ეკლესია მაინც ლოცულობს ასეთი ადამიანებისთვის და გამოითხოვს ღვთისაგან ცოდვათა მიტევებას მათთვის, მისი გულმოწყალებისა და იმ დიდი გამომხსნელობითი ღვაწლის გამო, რომელიც მაცხოვარმა იტვირთა ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის. ეკლესია ლოცვებს აღავლენს ღვთისადმი იმ ადა-მიანებისთვისაც კი, ვინც ჯოჯოხეთში იტანჯება და უფალს შესთხოვს მათ გამოხსნას, რათა დაამკვიდროს ისინი მართალთა წიაღში. როგორც მზრუნველი დედა, ისე ზრუნავს იგი თავისი შვილებისათვის, ის დაუღალავად ლოცულობს უფლისადმი მათთვის, რათა განმართლებულნი წარდგნენ უფლის საშინელი სამსჯავ-როს წინაშე და დატკბნენ ენით გამოუთქმელი სიხარულითა და ნეტარებით, რაც გამოიხატება იესო ქრისტესთან მყოფობით, რომელიც არის დაუწყვეტელი წყარო ყოველგვარი სიკეთისა, სიხარულისა და ნეტარებისა, საწყისი ჭეშმარიტი ცხოვრებისა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, გახლავთ  წმიდათა ზეციური კრებული და მათი მეოხება ღმრთის წინაშე მიცვალებულთათვის. ამ მხრივ, განსაკუთრებული მეოხება წმინდა მოწამეებს გააჩნიათ,  რადგან მათ თავიანთი მტანჯველების წინაშე არ უარყვეს უფალი იესო ქრისტე და მისი დიდი სიყვარულის გამო, აქ, მიწაზევე განიცადეს უდიდესი ტანჯვა და როგორც კრავნი დაკლულ იყვნენ მტანჯველთა წინაშე, სწორედ ამ სატანჯველების გამო გამოითხოვენ მოწამენი ღვთისაგან მიცვალებულთათვის ცოდვათა მიტევებას და ტანჯვათა შემსუბუქებას. აქვე უნდა ითქვას, რომ მებრძოლი თუ მოზეიმე ეკლესიის ვედრება ღმრთის წინაშე მიცვალებულებისთვის, არ შემოიფარგლება კონკრეტული დროით, არამედ აღევლინება ლოცვა, როგორც ახლად გარდაცვლილთათვის, ასევე საუკუნითგან შესვენებულთათვის.

„არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“ - სურათი 1

ყურადსაღებია ის, რომ საღმრთისმსახურო წიგნებში მიცვალებულთა საკითხავების გვერდით, ყოველთვის წერია მოწამეთა მუხლები, რაც ვგონებთ შემთხვევით არ უნდა იყოს და უკავშირდება მარტვილთა იმ დიდ მეოხებას, რაც მათ გააჩნიათ ღვთის წინაშე. თუმცა აღსანიშნავია, რომ IV საუკუნემდე მოწამე-ებსაც და უბრალო მორწმუნეებსაც ეკლესია ერთად მოიხსენებდა. ნეტარი ავგუსტინეს სწავლებით, მოწამეები, რომლებიც წარდგომილ არიან ღმრთის წინაშე, არ საჭიროებენ მოხსენებას ისე, როგორც ჩვეულებრივი ქრისტიანები, არამედ ისინი თავად ევედრებიან უფალს სხვათა განსვენებისათვის და ცოდვათა მიტევებისათვის.

„არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“ - სურათი 2

მიცვალებულებზე საუბრისას, რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლით საყოველთაო აღდგომის თემას, იმ დიდ სიხარულს, რაც მართალთა სულებს მოელის და იმ საუკუნო, დაუსრულებელ ტანჯვას, რასაც ცოდვილთ განუკუთვნებს უფალი. არაერთი ადგილის მოყვანა შეიძლება წმიდა წერილიდან მკვდართა აღდგომის შესახებ, მაგრამ ვგონებთ ყველაზე ცხადად ამის შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „აჰა, ესერა, საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისვენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა შინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყვირითა, რამეთუ საყვირსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ“ (1 კორინთელთა მიმართ 15, 51-53). აგრეთვე, „თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთმთავრისაჲთა და საყვირითა ღმრთისაჲთა გარდამოხდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად. და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით“ (1 თესალონიკელთა მიმართ 4, 16).

ამ სიტყვებიდან ცხადად ჩანს, რომ ყველანი, ცოცხალნიც და მიცვალებულნიც, უნდა წარვდგეთ უფლის საშინელი სამსჯავროს წინაშე. ამასვე ბრძანებს წმიდა მარკოზ ეფესელი: „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არც მართლებს მიუღიათ სრულიად თავისი ხვედრი (სავანე) და სხვა ნეტარი მდგომარეობა, რომლისთვისაც მათ თავი განიმზადეს აქაური საქმეებით და არც ცოდვილნი წასულან სიკვილის შემდეგ არ  საუკუნო სასჯელში, სადაც საუკუნოდ დაიტანჯებიან; არამედ პირველიც და მეორეც აუცილებლად აღსრულდება სამსჯავროს უკანასკნელი დღისა და მკვდართა საყოველთაო აღდგომის შემდეგ; ახლა კი - ერთნიც და მეორენიც თავის დამახასიათებელ ადგილას არიან“.

მიცვალებულთა მოხსენების ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობს ეკლესიაში, მართალია მან დროთა განმავლობში მცირედი ცვლილებები განიცადა, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, თუმცა არსი მიცვალებულთათვის აღვლენილი მსახურებისა უცვლელი დარჩა. საეკლესიო სწავლებით მიცვალებულთა მიმართ, ოთხგვარი მსახურება აღესრულება: პირადი ლოცვა, მოწყალების საქმეები, პანაშვიდი და წირვა. მათგან აღმატებული გახლავთ წირვა. ამგვარად, უმთავრესი, რაც ქრისტიანს გარდაცვალების შემდეგ შეეწევა, არის აქვე, სიცოცხლის ჟამს ცოდვათა მონანიება და სასოება ღვთის მიმართ, რაც გამოიხატება წმინდა საიდუმლოებაში მონაწილეობით, უპირველესად, ეს გახლავთ აღსარება და ზიარება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ