მიტროპოლიტი აბრაამი თბილისის სასულიერო აკადემიას 10 წელი ხელმძღვანელობდა

25 ნოემბერი 19:21
162
მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და მეუფის ღვაწლს იხსენებენ.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.

აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები სამძიმარს უცხადებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს, მეუფე აბრაამის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მიტროპოლიტი აბრაამი 1993-2003 წლებში, ათი წლის განმავლობაში, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სასულიერო აკადემიაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო სიახლეები განხორციელდა: გაიხსნა საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ღვთისმეტყველების, ხელოვნებათმცოდნეობისა და უცხო ენების კათედრები.

მეუფე აბრაამის ინიციატივით დაარსდა გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“, ასევე გაიმართა არაერთი სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასწავლებლის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაში.

აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ მეუფე აბრაამის პიროვნულ თვისებებსაც და აღნიშნავენ, რომ იგი განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. მის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს.

„უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული“, — ნათქვამია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამძიმრის წერილში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ღვთივ განისვენა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ