შიო III-ის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

დღეს 15:00
54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: ნინო სოზაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: ნინო სოზაშვილი

გიორგობას, სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა საზოგადოებასა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

ბატონო დედაქალაქის მერო,

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფე იაკობ,

ძვირფასო მამებო, დედებო,

ძმებო და დებო!

გილოცავთ ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელ დღესასწაულს – გიორგობას!

დღეს ჩვენ დიდი სიხარული გვაქვს, რადგან გადავწყვიტეთ, გიორგობა აღგვენიშნა ამ წმინდა მონასტერში, სადაც დაკრძალულია მოციქულთასწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, და ამით, წმინდა გიორგისთან ერთად, გვედიდებინა წმინდა ნინოც, თაყვანი გვეცა ორივესთვის, რადგან, როგორც გადმოცემით ცნობილია, წმინდა ნინოს ჰქონდა განსაკუთრებული სიყვარული და სასოება წმინდა გიორგისადმი.

მოგეხსენებათ, ისინი ხორციელი ნათესავებიც იყვნენ, გარდა დიდი სულიერი კავშირისა და ნათესაობისა.

ამას ადასტურებს ის, რომ წმინდა მოციქულთასწორმა მეფე მირიანმა წმინდა ნინოს საფლავზე სწორედ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი ააშენა.

ასე რომ, შეგვეწიონ ჩვენ და სრულიად საქართველოს წმინდა დიდმოწამე გიორგი და მოციქულთასწორი ქალწული ნინო.

დღეს ვფიქრობთ მოწამეთა ღვაწლზე, განსაკუთრებით – წმინდა გიორგის დიდებულ ღვაწლზე.

როგორც წესი, ამ ცხოვრებაში ჭკვიან და პრაქტიკულ ადამიანად მიიჩნევენ ისეთს, ვინც მის წინაშე არსებული შესაძლებლობებიდან ირჩევს მისთვის ყველაზე ხელსაყრელს. ასეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც მიწიერი კეთილდღეობა მთავარი ფასეულობაა, გაუგებარი და მიუღებელია წმინდა გიორგისა და სხვა წმინდანების არჩევანი.

წმინდა გიორგის წინაშე, ისევე როგორც სხვა დიდი მოწამეების წინაშე, იყო ყოველგვარი ამქვეყნიური კეთილდღეობა და შესაძლებლობები. როგორც იცით, იგი ძალიან წარჩინებული იყო მეფის კარზე; ამქვეყნიური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს მათი არჩევანი იყო არასწორი. ამ კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს არც იყო არჩევანი გასაკეთებელი; აჯობებდა სიცოცხლის შენარჩუნება და ამ სიკეთეებით სარგებლობა, მაგრამ წმინდა გიორგიმ და სხვა მოწამეებმა სხვაგვარი არჩევანი გააკეთეს. მეორე მხრივ, მათ წინაშე იყო საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ქრისტეს ერთგულებისთვის.

და აი, მათ ეს არჩევანი გააკეთეს. სულიერი თვალსაზრისით, მარადისობის თვალსაზრისით, ისინი ბევრად გონიერნი აღმოჩნდნენ თავიანთ მტანჯველებზე, რადგან აირჩიეს დროებითი ტანჯვა, რათა მარადიულად ღმერთთან ერთად, უფალ იესო ქრისტესთან გაეხარათ.

მართლაც, საშინელი იყო ის ტანჯვა, რომელიც მათ დაითმინეს. როგორც იცით, დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ამ წამებას ითმენდნენ, იტანდნენ ღვთის შეწევნით.

როგორც წმინდა გიორგის ცხოვრებიდან ვიცით, წამების ყველაზე მძიმე წუთებში მას ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!“ – ეს უთხრა თვით უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც მას გამოეცხადა.

დღეს შეიძლება არ მოგვეთხოვებოდეს (და მადლობა ღმერთს) ასეთი სისხლიანი მოწამეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, მაგრამ არც დღეს არის იოლი, იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას, დევნას ამ წუთისოფლისგან. ეს ამასოფლიური ცხოვრება იმდენად დაშორდა ნამდვილ სულიერებას, ქრისტიანულ ღირებულებებს (და უკვე ვხედავთ, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსაც შორდება ეს წუთისოფელი), რომ ვერ ჰგუობს და განაგდებს თავისგან ადამიანს, ვინც მიისწრაფვის უფლისა და სულიერებისკენ, მაგრამ უფალმა ბრძანა: „ვინც მაღიარებს მე წინაშე კაცთა, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე და ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მთ. 10, 32-33). ეს უარყოფა ღვთისა ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ ამის ჩამდენ ადამიანს ამ უარყოფის მარადიულ ბეჭედს ასვამს, თუ არ მოინანიებს და არ გამოსწორდება.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად და არ შეგვეშინდეს არანაირი წინააღმდეგობის, შეურაცხყოფისა თუ სირთულის ამ გზაზე, რადგან უნდა გვახსოვდეს: თუ გვსურს ქრისტიანობა, უფალთან ყოფნა და სულის გადარჩენა, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი ღვაწლისთვის, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე „გამოცხადების“ წიგნში: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მე მოგცემ შენ ცხოვრების გვირგვინს“ (გამოცხ. 2, 10).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი ერთგული იყო წმინდა დიდმოწამე გიორგი ღვთისა, ასეთი ერთგული იყო წმინდა მოციქულთასწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, ასეთი ერთგულნი იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები და ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი ერთგული ღვთისა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელსაც ასევე დღეს განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენიებთ.

აი, ასეთ ერთგულებას მოელის დღეს ჩვენგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ლოცვით შეგვაძლებინოს ღმერთმა ასეთი მსახურება და ერთგულება ღვთისა.

ძვირფასო მეუფე იაკობ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, დღეს მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი მსახურება, მადლობა გითხრათ ერთგული მსახურებისთვის ეკლესიის წიაღში.

თქვენ მრავალი წელი იყავით კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქორეპისკოპოსი, ხელმძღვანელობდით საპატრიარქოში განყოფილებას, რომელსაც ეხებოდა ქონებისა და საფინანსო საკითხები. უკვე რამდენი წელია, ხელმძღვანელობთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტს. ამ შესანიშნავ ეპარქიაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით საეკლესიო ცხოვრების აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში, განსაკუთრებით ამ საოცარი, შესანიშნავი ტაძრის აგებისა და მშენებლობის საქმეში, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით.

ნიშნად ჩვენი ძმური სიყვარულისა და მეგობრობისა, მინდა, გისახსოვროთ ეს შესანიშნავი პანაღია; შეგეწიოთ და ყოფილიყოს თქვენი მფარველი. დიდხანს იცოცხლეთ, გისურვებთ წარმატებებსა და შემდგომ წინსვლას ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებასა და ღვაწლში.

გაგაძლიეროთ ღმერთმა!

[სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და პატრიარქს საჩუქრად სამღვდელმთავრო კონდაკი გადასცა, რის შემდეგაც უწმინდესმა და უნეტარესმა გამშვენებული ჯვრებით დააჯილდოვა ეპარქიის ოთხი მღვდელმსახური. მათთან ერთად დანარჩენებს საიუბილეო სამღვდელო ჯვრები უსახსოვრა. გამშვენებული საიუბილეო ჯვრით დაასაჩუქრა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის იღუმენია თეოდორაც (მახვილაძე)].

მინდა, მადლობა გადავუხადო იღუმენია თეოდორასა და ამ მონასტრის დებს, დედებს დიდი ღვაწლისა და ამ შესანიშნავი მონასტრის აღმშენებლობისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და კიდევ მრავალჟამიერ გამსახუროთ ერთგულად ეკლესიის წიაღში, როგორც აქამდე შესანიშნავად მსახურობდით და მსახურობთ. გაიხარეთ!

[იღუმენია თეოდორამ, თავის მხრივ, მის უწმინდესობას ხარების ხატი გადასცა].

დღეს ასევე დასრულდა საქართველოს გაქრისტიანების გზა. წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზები იყო გაერთიანებული, ეს ორი გზა შეერთდა და დღეს დაასრულეს ამ მომლოცველებმა თავიანთი მოგზაურობა, რომელშიც ჩართული იყო სამღვდელოება საქართველოს ყველა ეპარქიიდან, ასევე მრავალი ადამიანი: 600-მდე საერო პირი და 110 სასულიერო პირია დღეს მოსული ჩვენი ეკლესიის, პრაქტიკულად, ყველა ეპარქიიდან. მათ გადაეცემათ სპეციალური სიგელები, სასულიერო პირებს გადაეცემათ სპეციალურად დამზადებული საიუბილეო მედლები ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს გამოსახულებით.

მოგეხსენებათ, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს საიუბილეო წელი იწურება, ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ განსაკუთრებით წმინდა ნინოსთან მოსვლა, მისგან ლოცვა-კურთხევის აღება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.

როგორც გითხარით, 110 სასულიერო პირი მონაწილეობდა ამ მოგზაურობაში. რა თქმა უნდა, ამის ორგანიზებაში, დახმარების საქმეში ჩართული იყო ყველა მღვდელმთავარი.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ საიუბილეო წელს, გიორგობას, წმინდა ნინოს საფლავთან განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მღვდელმთავრებს, როგორც მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებდა (და ჩვენც ვეთანხმებით), ჩვენს საამაყო სამღვდელოებას, რომლის ღვაწლის გარეშე ასეთი ხალხმრავლობა ჩვენს ეკლესიებში, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა.

ეს არის თქვენი, ძვირფასო მეუფენო, ძვირფასო მამებო, დიდი ღვაწლის, მისიონერული ღვაწლის, თქვენი სიყვარულის, ქადაგებისა და ლოცვების შედეგი.

ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. გაგაძლიეროთ ღმერთმა და განგიახლოთ ძალები შემდგომი მოღვაწეობისთვის.

დღეს მინდოდა, კიდევ ერთი რამ მეთქვა თქვენთვის. დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობენ, აქ იმყოფებიან და ზეიმობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველი პირები: ბატონი პრეზიდენტი, ბატონი პრემიერ-მინისტრი, ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დედაქალაქის მერი.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში.

ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ახლა არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

დღეს, რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან მოხარულნი ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინონ, ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ჩვენი ურთიერთობაც, ამ პრობლემისა და კიდევ სხვა მიმდინარე პრობლემების თაობაზე ერთმანეთთან საუბარიც. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან, იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენს ეკლესიაზე, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! გთხოვთ, რომ თქვენც რამდენიმე სიტყვით მოგვილოცოთ“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ შიო III-ის ნათლულებს კიდევ 710 ბავშვი შეემატა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ