25 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე მოწყალეს იხსენიებს
წმინდა იოანე მოწყალე განსაკუთრებული გულმოწყალებით, თავმდაბლობითა და გაჭირვებულთა მიმართ უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი ცხოვრება ქრისტიანული მოწყალებისა და მოყვასის სიყვარულის გამორჩეული მაგალითია.
25 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა იოანე მოწყალეს, ალექსანდრიის პატრიარქს, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში განსაკუთრებული გულმოწყალებითა და ქველმოქმედებით არის ცნობილი.
წმინდა იოანე კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდობაში დაოჯახდა, თუმცა მალევე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ მან ბერული ცხოვრება აირჩია, მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა და მთელი ცხოვრება უფლისა და მოყვასის მსახურებას მიუძღვნა.
წმინდანის სულიერმა ღვაწლმა და სათნოებებმა ფართო აღიარება მოიპოვა. როდესაც ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორ ჰერაკლესა და სასულიერო პირთა თხოვნით, იოანემ მღვდელმთავრის მძიმე ჯვარი იტვირთა.
პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ წმინდა იოანემ განსაკუთრებული ყურადღება გაჭირვებულთა დახმარებას დაუთმო. მისი ბრძანებით, ქალაქ ალექსანდრიაში მცხოვრები ღატაკების აღწერა ჩატარდა. შედეგად, 7 500 გაჭირვებული ადამიანის სია შედგა, რომელთაც პატრიარქი ეკლესიის შემოსავლიდან ყოველდღიურად ეხმარებოდა.
წმინდა იოანე კვირაში ორჯერ — ოთხშაბათსა და პარასკევს — ეკლესიის კარებთან ჯდებოდა, რათა ყველასთვის მოესმინა და შეძლებისდაგვარად დახმარებოდა. იგი ამბობდა, რომ თუკი თავად შეეძლო უფლისთვის მიემართა და ლოცვით შეეთხოვა წყალობა, მოყვასისთვის დახმარების თხოვნის უფლება არასოდეს უნდა შეეზღუდა.
მღვდელმთავარი კვირაში სამჯერ საავადმყოფოებსაც სტუმრობდა და სნეულებს ეხმარებოდა. როდესაც სპარსელებმა იერუსალიმი დაარბიეს და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, წმინდა იოანემ საეკლესიო ხაზინის დიდი ნაწილი მათი გამოსყიდვისთვის გაიღო.
წმინდანი განსაკუთრებული თავმდაბლობითა და მიმტევებლობით გამოირჩეოდა. იგი საკუთარ შეურაცხმყოფელებსაც კი არ განიკითხავდა და ცდილობდა, ყოველგვარი უთანხმოება სიყვარულითა და მშვიდობით დაეძლია. ერთხელ, როდესაც მისმა ახლო ნათესავმა შეურაცხყოფისთვის შურისძიება სთხოვა, პატრიარქმა შეურაცხმყოფელი ადამიანი ეკლესიის მიწის გადასახადისგან გაათავისუფლა და ამით ნათესავს მიტევებისა და სიმშვიდის მაგალითი უჩვენა.
წმინდა იოანე მოწყალე სხვათა განსჯასაც ერიდებოდა და ამბობდა, რომ ადამიანი მხოლოდ ცოდვილის ცუდ საქციელს ხედავს, მის გულში დაფარულ სინანულსა და მწუხარებას კი ვერ ხედავს.
ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმინდა იოანემ ალექსანდრია დატოვა და კონსტანტინოპოლისკენ გაემგზავრა. გზაში მას საღვთო გამოცხადება ჰქონდა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული მოახლოებოდა. იგი მშობლიურ კუნძულ კვიპროსზე, ქალაქ ამათუნტში შეჩერდა, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმინდა იოანე მოწყალე გარდაიცვალა 616, 619 ან 620 წელს.
იგი ამათუნტში, წმინდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
წმინდა იოანე მოწყალის ცხოვრება და მოღვაწეობა ქრისტიანული გულმოწყალების, თავმდაბლობის, მიტევებისა და მოყვასის სიყვარულის ნათელ მაგალითად რჩება. ეკლესია მის ხსენებას 12 ნოემბერსაც აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ეკლესია წმიდა მოწამე ბიკენტის მოიხსენებს.
