მეუფე გიორგი: ქურმუხის ტაძარში მომლოცველთა არშეშვება განსაკუთრებით მტკივნეულია

დღეს 17:00
0
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

ეპისკოპოს გიორგის განცხადებით, სარწმუნოებრივი თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხოლო მსგავსმა შემთხვევებმა შესაძლოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ქურმუხის ისტორიულ ტაძარში ქართველ მომლოცველთა არშეშვების ფაქტს გამოეხმაურა. მეუფის განცხადებით, გიორგობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ ქართველებისთვის ტაძარში სალოცავად შესვლის შესაძლებლობის შეზღუდვა სამწუხარო და გულდასაწყვეტია.

ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის გიორგობა არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული დღესასწაულიცაა, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ტრადიციებსა და ეროვნულ თვითმყოფადობას უკავშირდება.

„ქურმუხის ისტორიულ ტაძარში ქართველ მომლოცველთა არშეშვება განსაკუთრებულად მტკივნეულია. მსგავსი შემთხვევები ზიანს აყენებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული ადამიანის სარწმუნოებრივი თავისუფლება, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური შეხედულებისა“, – აღნიშნავს მეუფე გიორგი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების რელიგიური თავისუფლების საკითხზეც და აღნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად აღნიშნონ თავიანთი რელიგიური დღესასწაული – ბაირამობა. ამ პროცესში კი საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირები, სახელმწიფო დონეზეა ჩართული.

მეუფე გიორგი განცხადებაში იხსენებს აზერბაიჯანის ელჩის, ფაიგ გულიევის, მოწვევით გამართულ შეხვედრასაც, რომელსაც თავად ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა და მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე ისაუბრეს.

ეპისკოპოსის შეფასებით, სწორედ ამ ფონზე ქურმუხის ტაძარში მომხდარი ფაქტი კიდევ უფრო გაუგებარი და სამწუხაროა და შესაბამის განმარტებას საჭიროებს.

მეუფე გიორგი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთპატივისცემა საშუალებას მისცემს მხარეებს, მსგავსი მგრძნობიარე საკითხები მშვიდობიანი დიალოგისა და ურთიერთგაგების გზით მოაგვარონ.

„ჩვენი სურვილი დაპირისპირება კი არა, ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა და მეგობრობის განმტკიცებაა“, – აღნიშნავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

განცხადების დასასრულს მეუფე მშვიდობას უსურვებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს და მოუწოდებს ხალხებს შორის სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემისკენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: ეპისკოპოსი გიორგი ხელისუფლებას მიმართავს: „ნუ ჩაერევით საპატრიარქო არჩევნებში“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ