მიტროპოლიტი იობი: ხელისუფლების გამოხმაურებებით წარმოჩნდა, რომ მორწმუნეები არ არიან

გუშინ 19:41
136
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა 21 ნოემბრის ქადაგებაში საკუთარ წინა განცხადებებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ მიიჩნევს ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას ეკლესიისა და ღმერთის შეურაცხყოფად.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) დღევანდელ, 21 ნოემბრის ქადაგებაში საკუთარ წინა განცხადებებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურებები შეაფასა.

მეუფე იობის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციამ თავად წარმოაჩინა მათი დამოკიდებულება რწმენისა და ეკლესიის მიმართ. მიტროპოლიტის განმარტებით, აღნიშნული გამოხმაურებებით დადასტურდა მისი ადრინდელი შეფასება, რომ ხელისუფლება არაეკლესიურია.

„მე ჩემს წინა ქადაგებაში ყველა ჩემს სიტყვას ახსნას გავუკეთებ. რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, მათი სახე წარმოჩნდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით... მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აი, აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ქადაგებისას მეუფე იობმა ასევე განმარტა, რას ნიშნავს ქრისტიანული გაგებით მორწმუნეობა და ეკლესიური ცხოვრება. მისი თქმით, მხოლოდ ტაძარში სანთლის დანთება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტ ქრისტიანად და მორწმუნედ ჩაითვალოს.

მიტროპოლიტის განმარტებით, რწმენა ეშმაკსაც აქვს, თუმცა ღვთის არსებობის აღიარება თავისთავად არ ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობას. ამის დასტური კი ეკლესიური ცხოვრება და ადამიანის სურვილია, მიაღწიოს ცხონებას.

„ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის, იმიტომ რომ მას არ სურს, დაიღუპოს. რწმენა ეშმაკსაც აქვს. ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობისა არის ეკლესიური ცხოვრება, რომ ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხონება გვინდა. აი, ეს არის მორწმუნეობა, ესაა ეკლესიურობა“, – აღნიშნა მეუფე იობმა.

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა ფარისევლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ გარეგნული რელიგიური ქმედებებით არ განისაზღვრება.

„ბევრს ჰგონია, რომ სანთელი დადგას ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობა არის ეს, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მიტროპოლიტი იობი პარეხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ