დეკანოზი აკაკი ლიპარტელიანი: „მხილება როდიდან გახდა ურჩობა?!“
სასულიერო პირი ხელისუფლებისადმი მორჩილებისკენ მოწოდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მორჩილება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური, როდესაც საქმე ღვთის მცნებებს, ეკლესიასა და სამშობლოს ეხება.
დეკანოზი აკაკი ლიპარტელიანი ხელისუფლებისადმი მორჩილების შესახებ გაკეთებულ მოწოდებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებების მხილება ურჩობად არ უნდა შეფასდეს.
სასულიერო პირი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში სვამს კითხვას, რატომ უნდა გაჩუმდეს საზოგადოება ქვეყნისა და ერის წინაშე არსებულ პრობლემებზე და რატომ არ უნდა ამხილოს ის ქმედებები, რომლებიც, მისი შეფასებით, სამშობლოს ინტერესებს აზიანებს.
„საერო და რამდენიმე სასულიერო პირი მოგვიწოდებს ხელისუფლების მორჩილებისკენ... მხილება როდიდან გახდა ურჩობა?! მაშ, ერის სატკივარზე დავდუმდეთ და ჩუმად ვუცქიროთ, უცხოტომელნი როგორ ხრავენ მამულს გამყიდველთა დახმარებით?!“ — წერს დეკანოზი.
აკაკი ლიპარტელიანი თავის პოზიციას მოციქულთა საქმეებიდან მოყვანილი სიტყვებით ამყარებს: „განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს. რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქმე მოციქულთა 4:19–20).
დეკანოზი ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანობა არ უარყოფს სახელმწიფო ხელისუფლებისადმი მორჩილების პრინციპს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მორჩილებას აბსოლუტური ხასიათი არ აქვს.
„თუ ხელისუფლება ღვთის მცნების დარღვევას, ქრისტეს ეკლესიისადმი ან სამშობლოსადმი ღალატს ან ამ ღალატში დუმილით თანამონაწილეობას ავალდებულებს ადამიანს, მაშინ უპირატესობა ღვთის მორჩილებას ენიჭება!“ — აღნიშნავს სასულიერო პირი და ამ პოზიციის გასამყარებლად მოციქულთა საქმეების მე-5 თავის 29-ე მუხლს — „ღმრთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე კაცთა“ — იშველიებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – „შეჩერდით, ნუ მონაწილეობთ ამ სიბინძურეში“.
