ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – „შეჩერდით, ნუ მონაწილეობთ ამ სიბინძურეში“

გუშინ 07:56
64
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. ფოტო: ეპარქიის გვერდი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას მიტროპოლიტ იობს მხარდაჭერა გამოუცხადა, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ანტიქრისტიანულ და ანტიადამიანურ პროპაგანდად შეაფასა და ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა დღევანდელი ქადაგების დროს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე ისაუბრა.

„მე არ შემიძლია და გვერდს ვერ ავუვლი, რომ არ გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, იმ ზღვარგადასულ, ანტიქრისტიანულ, ანტიადამიანურ ბინძურ პროპაგანდისტულ მანქანასა და იმ პიარკამპანიას, რაც ხორციელდება მეუფე იობის წინააღმდეგ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე პირდაპირ მოვუწოდებ მათ, ვინც ამ სიბინძურეში არიან ჩართულნი – შეჩერდით“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ეპისკოპოსის შეფასებით, მიტროპოლიტ იობს სრული უფლება ჰქონდა, ურბნისისა და რუისის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან გამოეხატა ის გულისწუხილი და ტკივილი, რაც დღეს ქართულ საზოგადოებასა და ქვეყანას აწუხებს.

მეუფე გიორგიმ ყურადღება გაამახვილა აზარტული თამაშების გავრცელებასა და მის მძიმე სოციალურ შედეგებზე. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ონლაინკაზინოებშია ჩართული, იღებს ვალებს, რის გამოც ოჯახები ინგრევა. ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი ინფორმაციით, აზარტული თამაშების ბრუნვამ 80 მილიარდს მიაღწია.

მან ასევე გააკრიტიკა პარლამენტის მიერ აზარტული თამაშების სექტორისთვის შექმნილი საკანონმდებლო პირობები და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის გაფრთხილება, რომ ცოდვით ნაშოვნი ფული, სიმდიდრე და მოჩვენებითი ეკონომიკური აყვავება შესაძლოა, ერისთვის სასჯელად იქცეს.

„ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ. როცა კათოლიკოს-პატრიარქმა მოგიწოდათ სიყვარულით და სითბოთი გითხრათ, არ გაიგონეთ, მაშინ სხვა მღვდელმთავარმა ცოტა მკაცრად გითხრათ და რა გააკეთეთ? ჩართეთ სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანები, ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა – რბილი სიტყვაა იმასთან შედარებით, რაც მეუფეს აკადრეს თავიანთი სიბინძურით“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: ეპისკოპოსი გიორგი ხელისუფლებას მიმართავს: „ნუ ჩაერევით საპატრიარქო არჩევნებში“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ