დეკანოზი არსენ კვერნაძე: „როცა გამხელენ, მიიღე სიხარულით და გამოასწორე“

გუშინ 19:31
96
დეკანოზი არსენ კვერნაძე. ფოტო: გუბისწყლის ფერიცვალების სახ.ტაძარი დეკანოზი არსენ კვერნაძე. ფოტო: გუბისწყლის ფერიცვალების სახ.ტაძარი

„ეკლესია რომ გამხელს, მტერია შენი თუ პირიქით?! ხელისუფლებაში არ არსებობს პიროვნება, რომელიც არ ცდება, მაგრამ ეკლესია მთელი თავისი სისავსით უცდომელია“, – განაცხადა გუბისწყლის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ქადაგებისას.

გუბისწყლის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არსენ კვერნაძე, ქადაგებისას მეუფე იობის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან მხილება მტრობით კი არა, სიყვარულით არის ნაკარნახევი.

დეკანოზის თქმით, მეუფე იობმა სწორად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც საზოგადოება დგას, და მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ ეკლესიის ხმა შეისმინოს.

„რამდენიმე დღის წინ იქადაგა მეუფე იობმა. რა თქვა ამ ადამიანმა არასწორი? ყველაფერი სწორი თქვა, რა პრობლემების წინაშეც ვდგავართ. ამხილა არა მტრობით, არამედ სიყვარულით... ეკლესიის არ უნდა შეისმინო? ეკლესია რომ გამხელს, მტერია შენი თუ პირიქით?! ვიღაცის ხომ უნდა შეისმინო და ეკლესიის თუ არ შეისმინე, აბა, ვისას შეისმენ?“ – განაცხადა დეკანოზმა.

არსენ კვერნაძემ ასევე გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც მეუფე იობის განცხადებებსა და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უარყოფითად გამოეხმაურნენ. მისი თქმით, ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც ცალკეული პიროვნებები შეიძლება შეცდნენ, თუმცა ეკლესია თავისი სისავსით უცდომელია.

„ხელისუფლებაში არ არსებობს პიროვნება, არც ეკლესიაში, რომელიც არ ცდება, მაგრამ ეკლესია მთელი თავისი სისავსით უცდომელია. ხელისუფლება რომ შემცდარა მთელი თავისი სისავსით, ეს გავიარეთ უკვე და ვიცით. ამიტომ, დალოცვილო, როცა გამხელენ, მიიღე სიხარულით იგი და გამოასწორე“, – აღნიშნა მან.

დეკანოზმა ეკლესიის ისტორიულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკლესიამ სხვადასხვა ეპოქაში იმპერატორებისა და კომუნისტური რეჟიმების დევნა გამოიარა, თუმცა დღემდე არსებობს.

„ისტორია მაინც წაიკითხონ, გამოიარა ეკლესიამ იმპერატორები და კომუნისტები, რა დევნები, და დღეს დგას ეკლესია. მისი მთავრობები წავიდა ყველა, ბოლშევიკები, მენშევიკები, ყველა წავიდა და ეკლესია დგას. ნუ იქნებიან ჯიქურ, ცოტა მოდრკნენ, შეისმინონ“, – განაცხადა დეკანოზმა არსენ კვერნაძემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი: „ამბიონი არის ის ადგილი, საიდანაც გაისმის მხილება არაეკლესიური ქმედებების წინააღმდეგ“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ