კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ჩართული უწყებები განცხადებას ავრცელებენ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და რიგ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო.
გავრცელებული განცხადების თანახმად, მიზანმიმართული დეზინფორმაციის ტირაჟირება ემსახურება ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტისა და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას, რომლებიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობენ.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. აღნიშნულია, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ წარმოაჩინეს და ამის საფუძველზე გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძარს წყლის ინფილტრაციისგან ვერ იცავს.
განმარტების მიხედვით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით, გერმანული კომპანიის „ლეიერისა“ (Layher) და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავი აქვს მოწყობილი, რომელიც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს.
აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა.
ამასთან, გელათის მთავარი ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული გეგმის მიხედვით, დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტაძრის შიდა სივრცე სრულად არის დაცული და მომავალშიც დაცული იქნება ყველა ტიპის ატმოსფერული ნალექისგან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.
