იგეგმება შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია

დღეს 08:24
48
შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი. ფოტო: 1tv.ge შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი. ფოტო: 1tv.ge

პროექტი ითვალისწინებს ტაძრების ქვის წყობისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციას, გადახურვის სრულად შეცვლასა და წყალარინების სისტემის მოწყობას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის — შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სააგენტომ უზრუნველყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. პროექტირების ფარგლებში ჩატარდა კომპლექსის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო კვლევები, შეფასდა ძეგლის არსებული დაზიანებები და განისაზღვრა რეაბილიტაცია-კონსერვაციის, ასევე კედლის მხატვრობის დაცვის მეთოდოლოგია.

პროექტის განხორციელების შედეგად გათვალისწინებულია ძეგლის დაზიანების გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა. ჩატარდება ქვის წყობისა და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, სრულად შეიცვლება ტაძრის გადახურვა და მოეწყობა წყალარინების სისტემა.

საპროექტო დოკუმენტაციის დეტალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თეა ონიანმა, და შპს „Arch-R ჯგუფის“ დირექტორმა, გურამ სუთიძემ, გააცნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი მაცხოვრისა და ზარზმის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოსა და გალავანს აერთიანებს. კომპლექსის მთავარი ნაგებობებია XII-XIV საუკუნეების მაცხოვრის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა და XVI საუკუნეში ვახტანგ გურიელის მიერ აგებული ზარზმის სახელობის გუმბათიანი ტაძარი.

რეაბილიტაციის მიზანია ისტორიული კომპლექსის დაზიანებისგან დაცვა, მისი არქიტექტურული და მხატვრული ღირებულების შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ