დეკანოზი ტარიელ ჟღენტი: ეკლესიამ უარი უნდა თქვას არასწორი გზით ნაშოვნი ფულის შესაწირად მიღებაზე
„ჩვენ, ეკლესიამ, მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ, რომ კაზინოს მფლობელს, რომელიც შესაწირს მოგვიტანს, ვუთხრათ, რომ ეს ფული ცუდად აქვს ნაშოვნი, და არ ავიღოთ“, – განაცხადა სასულიერო პირმა ქადაგებისას.
დეკანოზმა ტარიელ ჟღენტმა ქადაგებისას ისაუბრა ეკლესიის პასუხისმგებლობაზე არასწორი გზით მიღებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეკლესიამ უარი უნდა თქვას ისეთი თანხის მიღებაზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი საქმიანობით არის მოპოვებული.
მისი თქმით, როდესაც კაზინოს მფლობელი ეკლესიას დიდ შესაწირს სწირავს, სასულიერო პირებმა მხოლოდ თანხის მიღებითა და ამავდროულად მისი საქმიანობის გაკრიტიკებით არ უნდა შემოიფარგლონ.
„ჩვენ, ეკლესიამ, მინიმუმ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, იცით? რომ მოვა კაცი, კაზინოს მფლობელი რომ არის, და რომ მოგცემს შესაწირს, უნდა უთხრა, რომ შენ გლახად გაქვს ეგ ფული ნაშოვნიო და არ ავიღებ. ჩვენ იმას ვიღებთ, თან ვეუბნებით, რომ ცუდად გაქვს ნაშოვნი. (...) ჩვენ უარი უნდა ვთქვათ არასწორი საქმის შესაწირზე, ეს იქნებოდა უფრო კარგი. თუმცა ეკლესია ვალდებულია, რასაც ხედავს, რომ არასწორია, ამბიონიდან ყველაფერზე რეაგირება ჰქონდეს და ყველაფერი თქვას“, – განაცხადა დეკანოზმა ტარიელ ჟღენტმა.
შეგახსენებთ, რომ 100 000 მოწამის ხსენების დღეს, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას, დეკანოზმა ტარიელ ჟღენტმა განაცხადა, რომ იგი მეუფე იობის ხელდასხმულია და მიტროპოლიტის პოზიციას სრულად იზიარებს.
ბოლო პერიოდში მიტროპოლიტ იობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სულ უფრო მეტი სასულიერო პირი ეხმაურება. სხვადასხვა ეკლესიისა და მონასტრის წინამძღვრები ამბიონიდან გამოხატავენ მის მიმართ მხარდაჭერას და ხელისუფლებას მოუწოდებენ,
გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება და ეკლესიასთან დაპირისპირებას მოერიდოს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – „შეჩერდით, ნუ მონაწილეობთ ამ სიბინძურეში“.
