პატრიარქი შიო III: „ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც უფალი მიგვითითებს“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობაზე, ქრისტიანის სულიერ პასუხისმგებლობასა და ღვთის მცნებებით ცხოვრების აუცილებლობაზე ისაუბრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
უწმინდესმა და უნეტარესმა დღევანდელი დღე მთელ ეკლესიას მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ ოჯახს კიდევ 710 ახალმონათლული შეემატა.
„დღეს არის ზეიმი მთელი ეკლესიისთვის, რადგან ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ შვიდას ათი ახალმონათლული. გილოცავთ, ძვირფასო მშობლებო! ნათლიებო! ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ შესანიშნავ მოვლენას!“ — ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგებისას უწმინდესმა ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნათლობა ადამიანის სულიერი დაბადება და ახალი ცხოვრების დასაწყისია.
„ნათლისღება არის საშუალება ბოროტი სულების ბატონობისგან გათავისუფლებისა და სულიერი აღორძინებისა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქრისტეს ეკლესიასთან შეერთების საშუალება“, — აღნიშნა მან.
პატრიარქმა გაიხსენა მაცხოვრის სიტყვები: „ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ის გადარჩება“ და განმარტა, რომ ნათლისღების გარეშე ადამიანი ვერ ხდება ეკლესიის წევრი, ქრისტეს სხეულის ნაწილი.
უწმინდესმა ასევე ისაუბრა ნათლისღების საიდუმლოს დაწესების შესახებ, გაიხსენა მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეში და მისი მცნება მოციქულებისადმი — მოენათლათ ყოველი ხალხი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქადაგების მნიშვნელოვანი ნაწილი ნათლობის მადლის შენარჩუნებასა და ქრისტიანული ცხოვრების წესს დაეთმო. პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ნათლობის მიღების შემდეგ ადამიანმა მიღებული მადლი სათანადო ცხოვრებით უნდა შეინარჩუნოს.
„იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ეს დიდი მადლი, უნდა იცხოვროს ისე, როგორც უფალი მიგვითითებს, და არა ისე, როგორც ჩვენი დაცემული ბუნება გვეუბნება, რომელიც გვკარნახობს: იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ გსიამოვნებს... უფალს კი უნდა ჩვენი სასუფეველში შეყვანა“, — ბრძანა უწმინდესმა.
მისივე განმარტებით, ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ქრისტეს მცნებების შესწავლას, მათ მიხედვით ცხოვრებას, სინანულსა და ლოცვას.
„როგორია ეს ცხოვრება?! ეს არის ქრისტეს მცნებების შესწავლა, ამ მცნებებით ცხოვრება, სინანული და ლოცვა, რომ უფალმა არ დაგვტოვოს, არამედ გვაცხონოს იმ გზებით, როგორც მან უწყის. ეს იქნება მწუხარებებით, კეთილდღეობით თუ სხვა რაიმე გზებით, ოღონდაც არ დაგვტოვოს და არ დაგვაკლოს თავის სასუფეველს, როგორც მას ნებავს და როგორც არის მისი წმინდა ნება“, — აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ახალმონათლულები დალოცა და უფალს შესთხოვა, ნათლისღების მადლით დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო.
საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპზე მონათლულ 710 ადამიანს საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადაეცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
