თბილისში ასი ათას მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ჯვარ-ხატებით მსვლელობა გაიმართა
მეტეხის ხიდზე, სადაც XIII საუკუნეში ქრისტესთვის თავდადებულ მოწამეებს თავი მოჰკვეთეს, პარაკლისი დეკანოზმა იოანე როსტიაშვილმა აღავლინა.
13 ნოემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თბილისის ასი ათას მოწამეს იხსენიებს.
წმინდანთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს, 12:00 საათზე, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით ჯვარ-ხატებით მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქრისტესთვის თავდადებულ ასი ათას მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
მეტეხის ხიდზე მსვლელობის მონაწილეებს მრევლის ნაწილი შეუერთდა. ადგილზე პარაკლისი დეკანოზმა იოანე როსტიაშვილმა და მღვდელმა ლევან ჭანკოტაძემ აღავლინეს. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, მრევლმა მტკვარში ყვავილები გადაყარა და მოწამეთა ხსოვნას პატივი მიაგო.
თბილისის ასი ათას მოწამეთა მოწამებრივი ღვაწლი XIII საუკუნის საქართველოს ისტორიას უკავშირდება. 1226 წელს, ხვარაზმელთა მმართველის, ჯალალედინის მიერ თბილისის აღების შემდეგ, ქრისტიან მოსახლეობას მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა და ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს.
ქართველმა ქრისტიანებმა უარი განაცხადეს სიწმინდეების შეურაცხყოფაზე და ქრისტეს ერთგულება სიკვდილზე მაღლა დააყენეს. ურჩობისთვის მათ მეტეხის ხიდზე თავი მოჰკვეთეს, მათი ცხედრები კი მტკვარში გადაყარეს.
ეკლესია ამ თავდადებულ ქრისტიანებს ასი ათას მოწამედ მოიხსენიებს. მათი მოწამებრივი აღსასრული დღემდე რჩება სარწმუნოების სიმტკიცის, ქრისტესადმი ერთგულებისა და თავგანწირვის უდიდეს მაგალითად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 24 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველის ხსენებას აღნიშნავს.
