რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას აქვეყნებს
ეპარქია განმარტავს, რომ ყაზბეგში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი მიტროპოლიტმა იობმა დედისგან მემკვიდრეობით მიიღო, სხვა მიწის ნაკვეთები კი ოჯახური მემკვიდრეობით ან საეკლესიო-სამეურნეო დანიშნულებით აქვს შეძენილი.
რუის-ურბნისის ეპარქია მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) სახელზე არსებული უძრავი ქონების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცნობები, რომელთა მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
როგორც ეპარქიის განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებული განმარტება ეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებს.
ეპარქიის განმარტებით, ყაზბეგში არსებული უძრავი ქონება მიტროპოლიტ იობის მამაპაპისეული კერაა, რომელიც მან კანონიერი მემკვიდრეობის გზით, დედის — აწ განსვენებული მონაზონ მართას (ელოშვილის) — გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
განცხადების თანახმად, აღნიშნული მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მეუფე იობმა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცა ყაზბეგში მცხოვრებ საკუთარ ბიძაშვილს.
რაც შეეხება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ სხვა მიწის ნაკვეთებს, ეპარქიის ცნობით, ისინი კანონიერი გზით, ოჯახური მემკვიდრეობით ან საეკლესიო-სამეურნეო დანიშნულებით არის შეძენილი და რეგისტრირებული. მათივე განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიები წლების განმავლობაში ეპარქიის საჭიროებებს ემსახურება.
„სამწუხაროა, რომ მავანნი ცდილობენ ადამიანის პირადი, მემკვიდრეობით მიღებული და კანონიერი ქონების თემით მანიპულირებას და ამ გზით საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
რუის-ურბნისის ეპარქია საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მისამართით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება ქრისტიანულ მორალს სცილდება.
