შოვში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ტაძრის საძირკველი აკურთხა. ახალი ტაძარი შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისა და ერთიანობის სიმბოლო გახდება.
შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საძირკვლის კურთხევის წესი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ლევან ჯმუხაძე და ალუდა თუთისანი, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ტაძრის მშენებლობა განსაკუთრებული სულიერი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია.
პროექტი საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძისა და თბილისის მერის კახა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტაძარი
ერთიანობის, თანადგომისა და შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემის სიმბოლოდ იქცევა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ნიკორწმინდაში დიაკონი გიორგი ქემოკლიძე მღვდლად ეკურთხა.
