მიტროპოლიტი ილარიონი: ხელისუფლებამ გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა

გუშინ 20:21
140
მიტროპოლიტი ილარიონი. ფოტო: Diocese of Mestia and upper Svaneti მიტროპოლიტი ილარიონი. ფოტო: Diocese of Mestia and upper Svaneti

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგებას ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ სულიერ, სოციალურ და ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

მიტროპოლიტის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იდგა ერის სადარაჯოზე და არსებობს ვითარებები, როდესაც დუმილი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. მეუფე ილარიონი აღნიშნავს, რომ ეკლესიის ისტორიული მემკვიდრეობა სასულიერო პირებს ავალდებულებს, ხმა აიმაღლონ მაშინ, როდესაც საფრთხე ექმნება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის მომავალს.

მიტროპოლიტი ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მართვა ქრისტიანულ ზნეობას, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულსა და ეროვნული ღირებულებების დაცვას უნდა ეფუძნებოდეს.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება, რაც ახალგაზრდებსა და ოჯახებს მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს.

მეუფე ილარიონი ასევე საუბრობს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ემიგრაციაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებასა და მიწებისა და ქონების გასხვისებაზე. მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს საფრთხეს უქმნის.

მიტროპოლიტი მიუღებლად მიიჩნევს მოქალაქეებისა და სასულიერო პირების პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას, მიყურადებასა და თვალთვალს. მისივე თქმით, ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია.

„ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა“, – აცხადებს მიტროპოლიტი ილარიონი.

მეუფე ხელისუფლებას მოუწოდებს, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის

გამკაცრების მიმართულებით და გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა.

„ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო“, – ნათქვამია მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ქადაგება ეპარქიის დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ