თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ოლიმპიადის წარდგენა გაიმართა
საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს ახალი საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადის მიზნები, პირობები და მონაწილეობის შესაძლებლობები გააცნეს.
6 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადის — „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“ — წარდგენა და სტუდენტებისთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელი კოტე სვანაძე, ნიკოლოზ ცხომელიძე და ანა მირიანაშვილი. სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს ოლიმპიადის მიზნები, მონაწილეობის პირობები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, ასევე მოუწოდეს ახალგაზრდებს, ჩაერთონ ინიციატივაში და საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
როგორც „დავითიანნის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების გაერთიანება. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.
პროექტს მხარს უჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტი მხარეებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, რომელთა მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალურ ოლიმპიადაში გამარჯვებულთათვის სპეციალური ჯილდოებია დაწესებული.
ინიციატივა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ აფხაზეთის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, გააცნობიერონ მისი დაცვის მნიშვნელობა და საკუთარი წვლილი შეიტანონ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა.
