მიტროპოლიტი საბა პატრიარქ შიო III-ს: „ჩვენ არასოდეს გიღალატებთ!“
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებისა და მღვდელმთავრად კურთხევის 30 წლისთავზე მეუფე საბამ პატრიარქის მსახურებაზე, ილია II-ის მემკვიდრეობასა და ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებისა და მღვდელმთავრად კურთხევის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს სიტყვით მიმართა და მას ეპარქიის სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით ერთგულება და მხარდაჭერა დაუდასტურა.
მიტროპოლიტმა საბამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ეპარქიაში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია.
მეუფე საბამ გაიხსენა 30 წლის წინანდელი დღე, როდესაც იგი ეპისკოპოსად აკურთხეს და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მას ეპარქიის მართვა მიანდო. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქის სიტყვები, რომ ეპისკოპოსობა ღვთის მადლი და წყალობაა, ხოლო მისი მთავარი მოვალეობა ეპარქიის თითოეულ წევრზე ზრუნვაა, მისთვის დღემდე განსაკუთრებულ სულიერ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
მიტროპოლიტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2011 წლის 3 ნოემბერზე, როდესაც ეპარქიის 15 წლისთავთან დაკავშირებით ხონისა და სამტრედიის ეპარქიას კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეწვია და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი აკურთხა.
მეუფე საბამ გაიხსენა, რომ მაშინ პატრიარქმა მისი შფოთვა მამობრივი სიყვარულით დაამშვიდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მე ჩამოვალ შენთან“. მიტროპოლიტის თქმით, ილია II-ის სტუმრობამ ეპარქიას უდიდესი ნუგეში და სიყვარული მოუტანა, რის გამოც მას „სიყვარულის პატრიარქი“ უწოდა.
მისივე განცხადებით, 15 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა — პატრიარქმა შიო III-მ ეპარქიაში ჩამობრძანების პირობა შეასრულა და ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას პირადად დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მიტროპოლიტმა საბამ გაიხსენა ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია II-ის, რამდენიმე გამონათქვამი და აღნიშნა, რომ მისი წინასწარმეტყველური სიტყვები დღეს რეალობად იქცა. მეუფე საბას შეფასებით, ახალი პატრიარქი შიო III წინამორბედის ჩრდილში კი არა, მის ფრთებქვეშ და მადლში აღმოჩნდა, ხოლო ილია II-ის სულიერი მემკვიდრეობა მას გზას უკვალავს.
მიტროპოლიტმა შიო III-ის არჩევა ღვთის ნებისა და პატრიარქ ილია II-ის ანდერძის აღსრულებად შეაფასა. მან ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში მისი და სხვა მღვდელმთავრების მთავარი მიზანი ეკლესიისა და ქვეყნის ერთიანობისა და გადარჩენისათვის ზრუნვა იყო.
„იქ, სადაც ვერ ან არ სრულდება ნება ღვთისა, ვერანაირი წარმატებაც ვერ იქნება. პატრიარქ შიოს წარმატებებს კი ყველა ვხედავთ და ვხარობთ“, — განაცხადა მეუფე საბამ.
მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა ახალ პატრიარქთან საკუთარ დამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ მისი სიტყვები და ქმედებები და იმავე ერთგულებით აპირებს მსახურების გაგრძელებას შიო III-ის წინამძღოლობით.
„მოკლედ, მე არასოდეს მდომებია არანაირი პრივილეგია, მე ყოველთვის მინდოდა პატრიარქისადმი ერთგული მსახურება და ვემსახურე კიდეც მას. ახლა კი, ჩვენო ძვირფასო პატრიარქო შიო, მიიღეთ ჩემი და მთელი ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის ერთგული და თავგანწირული მსახურება. ჩვენ არასოდეს გიღალატებთ!“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მეუფე საბას განცხადებით, მას ღრმად სწამს, რომ პატრიარქი შიო III, რომელიც სულიერად აღიზარდა და გამოიწრთო ილია II-ის მიერ, ღირსეულად გააგრძელებს თავისი წინამორბედის გზას და ეკლესიასა და ერს ღვთისკენ მიმავალ გზაზე გაუძღვება.
სიტყვის დასასრულს მიტროპოლიტმა გაიხსენა პატრიარქის არჩევნების დღე და აღნიშნა, რომ როდესაც გამოცხადდა მეოცე ხმა შიო III-ის სასარგებლოდ,
მან დაარღვია წესრიგი და პირველმა წამოიძახა: „მეუფე შიო პატრიარქია და ღირსია!“
„ჩვენი პატრიარქი შიო III ამ მძიმე ჯვრის ღირსეული მტვირთველია და ის ღირსეული პატრიარქის, ილია II-ის, ღირსეული გამგრძელებელია!“ — განაცხადა მეუფე საბამ და პატრიარქს შეძახილით „აქსიოს!“ მიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს 13 წლის ნანასთვის.
