მაია ბითაძემ და საფრანგეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს
შეხვედრაზე მინისტრმა ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპსა და ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კინოს, ლიტერატურის, არქეოლოგიისა და მუზეუმების სფეროებში განხორციელებული წარმატებული პროექტები განიხილეს და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სარეაბილიტაციო პროექტსაც. მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა მამულის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ ეტაპზე და ხაზი გაუსვა ქართულ-ფრანგული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე
და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული მოქმედების მრჩეველი სალომე გეორგიევი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია.
