ოპერისა და ბალეტის თეატრში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
კონცერტს დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას მუსიკალური საღამო მიუძღვნეს. მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო კაპელა, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებით საქართველოს“ საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კონცერტით მონაწილეებმა პატრიარქისადმი სიყვარული და მადლიერება გამოხატეს და მის სულიერ მემკვიდრეობას პატივი მიაგეს.
„ჩვენს ერს წილად ხვდა ბედნიერება, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და სულიერი წინამძღოლი ყოფილიყო ისეთი გამორჩეული, ბრძენი და ნათელი პიროვნება, როგორიც უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო. მჯერა, რომ მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ერის მფარველი
და წინამძღოლი ისტორიული ერთობის აღდგენის გზაზე“, – აღნიშნა დავით ფაცაციამ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: დავით ფაცაცია: მე მჯერა მსოფლიო პატრიარქის სიტყვების, რომ საქართველო მალე გაერთიანდება.
