გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-19 ნომერი
ახალ ნომერში გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგებები და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სიტყვები.
გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი ნომრის მთავარი თემა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეა. გამოცემაში დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ქადაგებები, რომლებითაც მან მორწმუნეებს სულთმოფენობიდან მეოცე კვირას და სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მიმართა.
მკითხველი გაეცნობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საიუბილეო სიტყვას და პრეშოვის მთავარეპისკოპოსის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტის, უნეტარესი როსტისლავის სიტყვას, რომელიც მან სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე წარმოთქვა. ნომერში ასევე გამოქვეყნდა ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის პატრიარქების, აგრეთვე სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მწყემსმთავრებისა და წარმომადგენლების მილოცვები.
საეკლესიო ქრონიკაში გაშუქდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სვეტიცხოვლობისა და 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად აღვლენილი სადღესასწაულო წირვა, ასევე სულთმოფენობიდან მეოცე კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი ლიტურგია. ცალკე მასალები დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სტუმრობას სხალთის ეპარქიაში და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის საოხად აღვლენილ წირვას. გამოქვეყნდა განმარტებაც საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით.
გამოცემაში აისახა შიო III-ის შეხვედრა მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციებთან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით. გაზეთი ასევე აშუქებს აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ საპატრიარქოს დელეგაციისა და ქართული დიასპორისთვის გამართულ საზეიმო მიღებას.
ნომერში დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვები ვეტერანთა დღესთან, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის
უნივერსიტეტის 20 წლის იუბილესა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით.
„საპატრიარქოს უწყებანის“ მე-19 ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და პრესის სტენდებთან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-6 ნომერი.
