ქოშიგორას მონასტერში მიტროპოლიტ სერაფიმეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს
მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ქოშიგორას მონასტერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ.
4 ნოემბერს ქოშიგორას მონასტერში მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ მიტროპოლიტ სერაფიმეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. მეუფე სერაფიმე 2025 წლის 4 ნოემბერს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეუფე სერაფიმეს მონაზვნური ცხოვრების დასაწყისი მარტყოფის მამათა მონასტერს უკავშირდებოდა, სადაც იგი 1991–1992 წლებში მორჩილად იმყოფებოდა. 1992 წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) იგი ვარძიაში ბერად აღკვეცა, წმინდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად სერაფიმე უწოდა და ფოკის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
იმავე წლის ოქტომბერში მამა სერაფიმე ბერ-დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 26 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 1994 წელს მამა სერაფიმეს იღუმენის წოდება მიენიჭა.
1995 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია დააარსა და მის მღვდელმთავრად იღუმენი სერაფიმე გამოარჩია. იმავე წლის 20 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მირონის კურთხევის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ქართველ მღვდელმთავართა თანამსახურებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იგი ეპისკოპოსად აკურთხა. „ხალხმა რომ მიგიღოს, შეგიყვაროს, გამოგყვეს, უნდა იცხოვრო მათი ცხოვრებით, მათი ჭირ-ვარამითა და სიხარულით“, – ამ სიტყვებით მიმართა პატრიარქმა ახლად ხელდასხმულ მღვდელმთავარს.
როგორც მეუფე სერაფიმე იხსენებდა, ეპარქიაში ჩასვლისას მას იქ სამი სასულიერო პირი დახვდა. მისი მღვდელმთავრული მსახურების წლებში ეპარქიაში 35 ეკლესია აშენდა ან განახლდა, მონასტრებში სამონაზვნო ცხოვრება აღდგა, მოძღვართა რიცხვი კი თხუთმეტამდე გაიზარდა.
2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე სერაფიმე
მთავარეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანეს. ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას იგი 2002 წლის 17 ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი გახდა. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე სერაფიმე წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 2009 წლის 18 ნოემბერს იგი მიტროპოლიტის ხარისხში აღამაღლეს.
ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ მღვდელმთავრებმა მიტროპოლიტ სერაფიმეს სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
