ნიუ-იორკში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღინიშნა
საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას სასულიერო პირები, ოფიციალური უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2026 წლის 27 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მიღებას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში, მაია ბართაია მასპინძლობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ნექტარიოსი და ბულგარეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი კლიმენტი.
საზეიმო მიღებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიისა და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქრისტიანობის როლს საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, ენის, კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებაში. ასევე აღინიშნა ქართულ-ამერიკული მეგობრობის განმტკიცებისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსმა საბამ კანადაში საქართველოს საელჩოში პარაკლისი აღავლინა.
