კათოლიკოს-პატრიარქი: „მადლობას გიხდით მრავალწლიანი დაუღალავი ღვაწლისთვის“
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში პატრიარქმა ქართველ მეცნიერებს მიმართა და რწმენისა და ცოდნის ურთიერთკავშირზე ისაუბრა.
„გულითადად გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს. მადლიერებითა და პატივისცემით ვიხსენებთ იმ ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც ქართველ მეცნიერთა მრავალ თაობას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სულიერი და ინტელექტუალური აღმშენებლობის საქმეში“, — აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც სიტყვაში.
პატრიარქმა მეცნიერების განვითარებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობასა და ქართული სამონასტრო ცენტრების ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ დახმარებას უწევს და გვერდით უდგას მეცნიერების განვითარების პროცესს. მეტიც, ეკლესია თავადაც მნიშვნელოვანწილად მონაწილეობს მასში. რწმენისა და ცოდნის სინერგიამ, ურთიერთკავშირმა შეაქმნევინა საუკუნეების განმავლობაში ქართულ ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე წმინდა მამებს ის სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული მეცნიერების განვითარებას“, — აღნიშნა მან.
ეკლესიის წინამძღვრის თქმით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იმ სულიერი და კულტურული საგანძურის მემკვიდრეა, რომელიც ქართულ სავანეებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში შეიქმნა.
„თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ცვლის რეალობას, დღეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნების წინსვლას. ამიტომ, ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რწმენისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების საკითხი“, — ნათქვამია მიმართვაში.
პატრიარქმა გაიხსენა ილია II-ის სწავლება რწმენისა და მეცნიერების ურთიერთშემავსებელი მნიშვნელობის შესახებ და მეცნიერის სულიერ და ზნეობრივ პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
„ჭეშმარიტი ცოდნა ადამიანს არ აშორებს სულიერ საწყისს, პირიქით, ის ამაღლებს მას და აახლოებს ღმერთთან, როგორც სიბრძნისა და ჭეშმარიტების წყაროსთან.
ამ მხრივ, მეცნიერის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია, იგი უნდა იყოს არა მხოლოდ მცოდნე, არამედ ბრძენი; არა მხოლოდ მკვლევარი, არამედ მსახური სიმართლისა და სიკეთისა“, — აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისალოც სიტყვაში მან ეკლესიისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობაზეც ისაუბრა, მათ შორის, აკადემიაში მოქმედი საღვთისმეტყველო საკითხების შემსწავლელი კომისიისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის საქმიანობაზე.
„ეს ყველაფერი განაპირობებს რწმენისა და მეცნიერების, ტრადიციისა და ინოვაციის, წარსულისა და მომავლის გაერთიანებას ქვეყნის საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების საიუბილეო თარიღს, მადლობას გიხდით მრავალწლიანი დაუღალავი ღვაწლისთვის და გისურვებთ, კვლავაც წარმატებით გააგრძელოთ ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოსა და მისი მომავალი თაობების სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის“, — აღნიშნულია პატრიარქის მისალოც სიტყვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III: რწმენით ნასაზრდოებმა ქართველმა შეძლო სარწმუნოების შენარჩუნება.
