გიორგი კაჭარავა-,,არ შევხებივარ ბერი გაბრიელის სულიერი მოღვაწეობის გზას''
რეჟისორი გიორგი კაჭარავა ფილმზე „ბრძოლა — ბერი გაბრიელი“ საუბრობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ინტერვიუში რეჟისორმა თორმეტწლიანი მუშაობის სირთულეები, წმინდა გაბრიელის ცხოვრების გამორჩეული ეპიზოდის ეკრანზე გადატანა და სამომავლო შემოქმედებითი გეგმები განიხილა.
2026 წლის ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ გიორგი კაჭარავას ფილმი „ბრძოლა — ბერი გაბრიელი“. გიორგი კაჭარავას განმარტებით, ფილმის შექმნის მთავარი მამოძრავებელი წმინდა გაბრიელის ცხოვრებიდან ის ეპიზოდი გახდა, როდესაც მან ლენინის პორტრეტი დაწვა და ამის გამო სასტიკი დევნა განიცადა.
ჟურნალისტი:
ბატონო გია, როგორ დაიბადა ფილმის „ბრძოლა — ბერი გაბრიელი“ შექმნის იდეა და რამ გიბიძგათ, წმინდა გაბრიელ აღმსარებლის ცხოვრებისა და სულიერი ღვაწლისთვის თორმეტწლიანი შემოქმედებითი შრომა მიგეძღვნათ?
რეჟისორი:
თავიდანვე მინდა განვაცხადო, რათა ნათელი იყოს თქვენი მკითხველისთვის და არ შეიქმნას ცრუ წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სულიერი ვარ და ა.შ. მე მინდა კონკრეტულად, ხაზგასმით გითხრათ: მე ვარ კინორეჟისორი, ყოველთვის ვეძებ ამაღლებულ თემატიკას. ის, რომ სულიერებისკენ არის მიმართული — ამისთვის მადლობა ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფილმზე მიმუშავია და მათ შორის კომედიებზეც, ასეთი თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მე იმ ეპოქიდან ვარ, როდესაც ცხოვრობდა ბერი გაბრიელი და როდესაც მან დაწვა ლენინის პორტრეტი. ძალიან კარგად ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა ოდნავ გადახვევა — ხელის ცუდად შეხებაც კი დასჯადი იყო. ახალგაზრდა თაობამ შეიძლება ეს ვერ გაიგოს, ვერ წარმოუდგენია დღევანდელ ახალგაზრდას, ეს რას ნიშნავდა. ცუდი შედეგიც მოჰყვა ამას ბერი გაბრიელისთვის — ამის გამო დახვრეტა მიუსაჯეს, უბრალოდ, შემდეგ სხვა ძალები ჩაერთვნენ და ციხეში გადაიყვანეს. თვითონ ეს ფაქტი იყო ჩემთვის მამოძრავებელი ამ ისტორიიდან და აქედან დაიწყო სცენარზე მუშაობა. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შევხებივარ ბერი გაბრიელის სულიერი მოღვაწეობის გზას. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელიც სასტიკი დასჯით გაგრძელდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია.
