აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
საზეიმო ცერემონიაზე პედაგოგებს განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და პროფესიული მიღწევებისთვის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა. მან მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში მასწავლებლების განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრა და მათი შრომის სათანადოდ დაფასების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ.
ცერემონიაზე აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლები — მათე შონია, მაკა ქათალანძე და ანგელინა გოგია — სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები: ლია თევზაძე, ლუარა ჩაკაბერია, ნუნუ პერტენავა, სვეტლანა რურუა, თამარ წერედიანი და ზოია ბოკუჩავა.
ღონისძიების ფარგლებში, მარინე ჩაკვეტაძესა და რუსუდან შონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ.
წლის საუკეთესო მასწავლებლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. შერჩევისას ყურადღება გამახვილდა სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენებაზე, მოსწავლეზე ორიენტირებულ პრაქტიკაზე, ბოლო წლებში მიღწეული შედეგების დადებით დინამიკასა და პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებისკენ სწრაფვაზე.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საჯარო სკოლების მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მიიღო.
