ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''
სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვები გაავრცელეს სხვადასხვა სასულიერო და საჯარო პირებმა, მათ შორის სოფიის მიტროპოლიტმა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა.
,,მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის; საშუალება მოგვეცა, თანაზიარნი გავმხდარიყავით საქართველოს წმინდა ეკლესიის სიხარულისა, რომელიც საზეიმოდ აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს – 1700 წლისთავს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიერ წმინდა და მაცხონებელი ქრისტიანული სარწმუნოების მიღებისა. გითვლით ჩვენს მოკითხვას და გულწრფელ მოლოცვებს, უპირველეს ყოვლისა, პირადად თქვენ და თქვენი სახით, იერარქებს, ბერმონაზვნობას, სამღვდელოებას და მთელ საღვთო ერს საქართველოს უძველესი და დიდებული საპატრიარქოსი. ამას ვიქმთ ჩვენი ქრისტესმიერი ძმური სიყვარულის დამოწმებითა და სულიწმინდისმიერი მშვიდობის, მადლისა და სიხარულის უწყებით; სულიწმინდისა, რომელიც მარადჟამს არს და ყოველსავეს აღავსებს, რომელიც აღაშენებს ქრისტეს ეკლესიას და რომელიც არს ჩვენი მარადიული და უცვლელი წარმმართველი ჭეშმარიტების გზაზე.
მართლმადიდებელ ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი, დიდ და გულწრფელ პატივს მიაგებდა და აღფრთოვანებული იყო მისით – მისი სარწმუნოებითა და ღვთისმოსაობით, მისი სიმტკიცით განსაცდელების დაძლევისას, ურყევი მინდობით უფლისადმი და მისი სახიერი განგებულებისადმი კაცთა მოდგმის მიმართ.
ჩვენს მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული მშვიდობისა და სიყვარულის ძმური კავშირების მრავალსაუკუნოვანი ისტორია – ესაა ისტორია ნაყოფიერი სულიერი და კულტურული გაცვლისა, თანამშრომლობისა, სულიერი ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერისა; ეს არის კიდევ ერთი ნათელი მოწმობა ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების ძლიერებისა. ეს კავშირები ყველა ჩვენი და თქვენი მარადხსენებული წინამძღოლების მიერ იყო განმტკიცებული; გვწამს, რომ ეს კავშირები ასევე გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება განახლებული ენერგიით თქვენი წინამძღოლობის წლებში ქართველი პატრიარქების დიდებულ ტახტზე.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველოს ეკლესია, განათლებული სამოციქულო ქადაგებით და ყოვლისშემძლე უფლის მიერ დაჯილდოებული ფასდაუდებელი სიწმინდეებითა და ღვთისმოსავ პიროვნებათა ღვაწლით, როგორებიც არიან წმინდა ნინო და წმინდა მეფე მირიანი, ხოლო თანამედროვე დროში ისეთი მოღვაწეები, როგორებიც არიან წმინდა გაბრიელი (ურგებაძე) და თქვენი წინამორბედი, აწ გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მსგავსი მეოხნი – საქართველო კვლავაც მოწმობს თავის უძველეს სიდიადეზე და კვლავაც რჩება ჭეშმარიტ სულიერ ოაზისად ათეიზმის უდაბნოში, რომელიც სულ უფრო მეტად მოიცავს ჩვენს თანამედროვე სამყაროს; რადგან როგორც უძველესი მეფსალმუნე მეფე გალობს: „რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს“ (ფსალმ. 90, 1).
დაიცავით ეს რწმენა და ეს იმედი, როგორც თქვენი ყველაზე ძვირფასი საგანძური და ღმერთი კვლავაც კეთილგანწყობილი იქნება თქვენდამი, საქართველოს წმინდა ეკლესიისა და მისი მართლმადიდებელი ერისადმი. ის გაგიმრავლებთ სიხარულს, „... რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც“ (ინ. 4, 36), – და თქვენ ქრისტესთან ერთად იქნებით „ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (ინ. 10, 16), აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ამ საზეიმო დღის ლოცვით მოგონებად, გთხოვთ მიიღოთ ჩვენგან ეს გულითადი ძღვენი, ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი წინაპრის, წმინდა პატრიარქის, ევთიმი ტირნოვოელის წმინდა ხატი –საოცარი იერარქისა და ისიქასტისა, სულიერი მამის, მწიგნობრისა და განმანათლებლის მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში და აწ უკვე მარადიულობაში დაუღალავი მეოხის ღვთის ტახტის წინაშე თავისი ბულგარელ სამწყსოსა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მთელ მსოფლიოში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნინოს და ასევე ქართველ და ბულგარელ ერებში სიწმინდით გაბრწყინებულთა ყველა წმინდანის ლოცვით, დაე, მარადჟამს იყოს თქვენსა და წმინდა საქართველოს საპატრიარქოსა ზედა კურთხევა უფლისა ჩვენისა და მისი მადლმოსილი შეწევნა და მადლი სულისა წმინდისა ჩვენ ყოველთა თანა და ჩვენს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა თანა!''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი თეოფილე: იერუსალიმის ეკლესია განსაცდელების პერიოდს გადის.
0
0
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი
სრულიად საქართველოს პატრიარქი შიო მესამე
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
