ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი საქართველოს საპატრიარქოს ეწვია
პატრიარქმა შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს უმასპინძლა — შეხვედრაზე კონსტანტინოპოლისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და პატრიარქის მომავალ ვიზიტზე ისაუბრეს.
16 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელ ადამაკისი ეწვია. სტუმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ უმასპინძლა.
შეხვედრისას მიტროპოლიტმა ემანუელმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა გადასცა. მან პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებას. შეხვედრისას ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის დაკრძალვის დღე, ასევე ამ დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საქართველოში ვიზიტი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება მსოფლიო პატრიარქის მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულისთვის. მან ასევე გაიხსენა საკუთარი აღსაყდრების დღე და მსოფლიო პატრიარქის მიერ გამოგზავნილი მილოცვა.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მომავალ ვიზიტს კონსტანტინოპოლში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე; ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა; ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია; საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პატრიარქ შიო lll-ს მალე ფანარში ელოდებიან ვიზიტით.