მიტროპოლიტმა ანდრიამ სერტიფიცირებულ სასულიერო პირებს წარმატებები უსურვა

5 სექტემბერი 20:02
162
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ეპარქიის გვერდი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მეუფე ანდრია: ღირებულებითი განათლების მიმართულებით სასულიერო პირების ჩართულობა ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერების, სულიერებისა და კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

4 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ყურადღება გაამახვილა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ეპარქიისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის.

მეუფე ანდრიას განცხადებით, სასულიერო პირებმა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ლექციები და ტრენინგები გაიარეს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ იმ საჯარო სკოლების საქმიანობაში, სადაც ღირებულებითი განათლების კლუბებია ჩამოყალიბებული.

„შედგა სერტიფიკატების გადაცემა სასულიერო პირთათვის, რომლებმაც გაიარეს ღირებულებითი განათლების სერტიფიცირება, მოისმინეს პროგრამის ფარგლებში ლექციები და გაიარეს ტრენინგები, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, შევიდნენ საჯარო სკოლაში, სადაც ჩამოყალიბებულია ღირებულებითი განათლების კლუბები ამა თუ იმ ქალაქში და სოფელში“, — განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკლესიის, სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს, პედაგოგების, სასულიერო პირებისა და მოსწავლეების თანამშრომლობას ენიჭება.

„ძალზედ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ეპარქიისთვის და ჩვენი რეგიონისთვის და იმედი გვაქვს, რომ ამ რთულ გამოწვევას ჩვენ ყველანი ერთად — ეკლესია, სახელმწიფო, განათლების სამინისტრო, ჩვენი პედაგოგები, სასულიერო პირები და მოწაფეები — გავუმკლავდებით“, — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირების მიერ ახალგაზრდებთან ღირებულებებსა და ფასეულობებზე საუბარი ხელს შეუწყობს ახალი თაობის ცნობიერების, სულიერებისა და კულტურულობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებას.

„ის ფასეულობები, რომლებზედაც ისაუბრებენ სასულიერო პირები, კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ცნობიერებას, სულიერებას და კულტურულობასაც ჩვენი ახალგაზრდებისა“, — განაცხადა მეუფე ანდრიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მისმა მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და სსიპ — მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მენეჯერმა ანი კუდუხაშვილმა.

ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ სასულიერო პირებისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე — „ბავშვის განვითარების ეტაპები“.

სერტიფიკატები გადაეცათ ნეკრესის, ალავერდის, ჰერეთისა და ხორნაბუჯის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის, გორისა და ატენის, სურამისა და ხაშურის, ვანისა და ბაღდათის, სამთავისისა და კასპის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის, ასევე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიების სასულიერო პირებს.

ღონისძიება ღირებულებითი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შეჯამებასა და სასულიერო პირების მიერ გაწეული საქმიანობის დაფასებას ემსახურებოდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, გორისა და ატენის ეპარქიაში სამღვდელო და სადიაკვნო ხელდასხმა აღესრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ